„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს. მოშიმშილეებს მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.
პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მათ არ აქვთ იმის დაშვების უფლება, რომ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს, რადგან ეს ფატალური შედეგით დასრულდება, ამიტომ შიმშილობას წყვეტენ.
„თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ენმ-ის ოფისთან პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.