LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო დღეების მიუხედავად, როგორმე უნდა შეიზღუდოს დიდი თავშეყრები, დისტანციის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ – ხათუნა ზახაშვილი

115
257418372-427117082338187-4291884375097591719-n

ახალი წელი მოდის და ინფექციონისტები, დარგის სპეციალისტები შიშობენ, რომ კოვიდინფექცია უფრო მეტად გავრცელდება, ამიტომ ყველას ურჩევენ, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, რომ როგორმე თავიდან ავიცილოთ ინფექცია, ასევე –  დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცინაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, საფრთხე არსებობს, თანაც, ჩვენს ქვეყანაში უკვე გამოჩნდა „ომიკრონი“.

„საახალწლო დღეების მიუხედავად, როგორმე უნდა შეიზღუდოს დიდი თავშეყრები, დისტანციის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ, ვიზრუნოთ ნიღბების გამოყენებაზე, რომ როგორმე ამით მაინც შევამციროთ მოახლოებული საფრთხეები. მით უფრო „ომიკრონი“, ეს ვარიანტი, უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო მეტი ადამიანის  ინფიცირებას იწვევს და ისევ შემთხვევების მატება გვექნება, ამიტომ ყველამ დაცვის საშუალებების თანამიმდევრულ და გონივრულ გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ“, – ამბობს ზახაშვილი.

მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის არცერთ ქვეყანაში მკაცრ „ლოკდაუნს“ აღარ მიმართავენ და ყურადღება გამახვილებულია რეკომენდაციებისა და წესების დაცვაზე.

„ვეცადოთ, მაქსიმალურად ავიცილოთ ეს შტამი, საამისოდ, უპირველეს ყოვლისა, წესების დაცვაა მთავარი. ჩვენ არ გვინდა ისევ მკაცრი შეზღუდვები, ისევ იმ მძიმე პერიოდების გავლა. თითოეული ადამიანის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს საჭიროებას. გასაგებია ახალი წელია, ყველას მოგვენატრა ახლობლები, ყველას გვინდა ურთიერთობა, საყვარელ ადამიანებთან  შეხვედრა, ხალისი და სასიამოვნო გარემოში ახალი წლის გატარება, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემია ჯერ არსად წასულა, ჯერ  კიდევ სიფრთხილეა საჭირო. მაინც ყველას მოვუწოდებდი, დაცული იყოს სტანდარტული წესები. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ამ წესების დაცვას, ვიცით რა არის დისტანცია, ვიცით, რა არის ხალხმრავალი ადგილი, ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხო გარემო ჩვენი ყოფნისთვის, სადაც არ უნდა იყოთ, ღია თუ დახურულ სივრცეში ყოველთვის, შეაფასეთ თქვენ გარშემო არსებული ვითარება, რა ხდება და გახსოვდეთ, რომ აუცილებელია, სწორად გეკეთოთ ნიღაბი, დაიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად მოერიდეთ იმ გარემოს, რომელიც საშიშია. საახალწლო ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. ან ნამდვილად კარგი იქნება, თუ შევეცდებით, რომ იქ ყოფნისას დისტანცია მაქსიმალურად იყოს დაცული. გახსოვდეთ, „ომიკრონის“ შემოსვლასთან ერთად გადაცემის საფრთხეები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,- ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

ცნობილია, რომ ქვეყანაში უკვე დადასტურდა „ომიკრონის“ შემთხვევები, მართალია, რამდენიმე ქვეყნიდან შეზღუდულია საქართველოში შემოსვლა სწორედ იმ მიზეზით, რომ ეს შტამი ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს, მაგრამ, როგორც ქალბატონი ხათუნა ამბობს, ეს შეზღუდვებიც აზრს კარგავს, რადგან ბევრ ქვეყანაში უკვე დადასტურდა „ომიკრონი“.

„ჯერჯერობით იმ ქვეყნებიდან შემოსვლაზე შეზღუდვები ისევ არის, მაგრამ ეს უკვე აზრს კარგავს, რადგან 119-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე დაარეგისტრირა, რომ აქვს „ომიკრონი“. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თითქმის არის და, ვფიქრობ, ზოგიერთმა ქვეყანამ არც იცის, რომ აქვს ეს შემთხვევები. სადაც არ არის ქვეყანა ჩაკეტილი და არის მიმოსვლა, პრაქტიკულად იქნება „ომიკრონი“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

იგი აუცრელ ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, რადგან ვაქცინა იცავს ადამიანების სიცოცხლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g