საახალწლო დღესასწაულებს ყოველთვის ზარმაცი არდადეგებით გრძელდება, როცა გართობით გადაღლილი, მხოლოდ დასვენებას და სასიამოვნო ფილმების ნახვას ვნატრობთ. თუ ტრადიციული კომედიები მოგბეზრდათ, გთავაზობთ რამდენიმე ახალ ვარიანტს, რომელიც არაფრით ჩამორჩება უკვე კლასიკად ქცეულ „სადღესაწაულო ნაკრებს“.
„პატარა ქალები“ (Little Women) – ლუიზა მეი ოლკოტის ეკრანიზაციაში, რომელიც შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის ფონზე მოუთხრობს მაყურებელს სამი დის ისტორიას, მათ პირველ სიყვარულსა და გულწრფელ განცდებზე, ოცნებებსა და გაცრუებულ იმედებზე, განსაკუთრებული ყურადღება საშობაო ატმოსფეროსა და ეპოქისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს ეთმობა.
„ნოელი“ (Noel) – გულწრფელი, ცოტა მელანქოლიური დრამა პენელოპა კრუსის, ალან არკინის, რობინ უილიამსის და სიუზან სარანდონის მონაწილეობით, ჩეზ პალმინტერიმ მათ მიუძღვნა, ვინც შობის დღესასწაულებზე განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის საკუთარ მარტოობას.
„საშობაო კოტეჯი“ (Christmas Cottage) – ბიოგრაფიული დრამა თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ტომას კინკეიდის ისტორიაა, რომლის ცხოვრება სწორედ შობის დღესასწაულზე შეიცვალა. ჰოლივუდის კლასიკური შედევრების სტილში გადაღებული ფილმი მარადიულ ფასეულობებზე არავის დატოვებს გულგრილს.
„საშობაო ზრაპარი“ (Un conte de Noël) – ფრანგული დრამა ერთი ოჯახის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომლის წევრები უთანხმოებისა და რთული ურთიერთობის მიუხედავად, მაინც ერთად აღნიშნავენ შობის დღესასწაულს.
„შობის წინა ღამეს“ (The Night Before) – მსუბუქი და ხალისიანი ამერიკული კომედია სამი მეგობარის ხიფათით სავსე თავგადასველებზე, განსაკუთრებით „შავი იუმორის“ მოყვარულებს მოეწონებათ.
„სად დატოვა ღმერთმა ფეხსაცმელი“ (Where God Left His Shoes) – ნაღვლიანი დრამა ჯონ ლეგუიზამოს და ლეონორ ვალერას მონაწილეობით, უსახლკაროთა თავშესაფარში დაბინავებული ოჯახის ისტორიაა, რომელიც საკუთარ სახლში ოცნებობს შობის აღნიშვნას.
„შობა მიურეისთან ერთად“ (A Very Murray Christmas) – სოფია კოპოლას მუსიკალური კომედია ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით, იმ საოცრებებსა და ოცნებებზეა, რომლებიც მხოლოდ შობის ღამეს სრულდება.