სააახალწლო სუფრა წინა წელთან შედარებით წელს 8,3 %-ითაა გაძვირებული, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ”ფორტუნას” ეკონომიკის ექსპერტმა და სტატისტიკოსმა, სოსო არჩვაძემ განუცხადა.
არჩვაძის თქმით, ეს გაძვირება უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელი. ”წინა წელს საახალწლო სუფრა დაახლოებით 290 ლარი ჯდებოდა. წელს კი ანალოგიური სუფრის გასაწყობად 314 ლარამდეა საჭირო”- განუცხადა ”ფორტუნას” ექსპერტმა.
როგორც არჩვაძე აცხადებს, საშუალო ხარჯის გამოსათვლელად მან 6-კაციანი ოჯახი აიღო და სტანდარტული საახალწლო მენიუ განიხილა. მენიუში, ბუნებრივია, შედის: ხორცეული, თევზეული, ღვინო, სალათები, მხალეული, გოზინაყი, ჩურჩხელა, ხილი, ნამცხვრები.
”როდესაც საახალწლო სუფრაზე ვსაუბრობთ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად ის, რომ ეს ჩვეულებრივი ერთდღიანი სუფრა არ არის და საჭიროა 2-3 დღისთვის საკმარისი პროდუქტის რაოდენობისთვის საჭირო თანხები დავიანგარიშოთ. გასათვალისწინებელია სტუმრების ფაქტორიც. აქედან გამომდინარე, სუფრის გადასწყობად წელს 314 ლარამდე დაგჭირდებათ” – განმარტა არჩვაძემ.
ეკონომიკის ექსპერტის ინფორმაციით, საახალწლო სუფრის 8,3 %-ით გაძვირება შემდეგ პროდუქტებზე ფასების მატებამ გამოიწვია, ესენია: ნიგოზი, თაფლი, ხილი, თევზეული და სხვა.