LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლოდ საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცი გვაჭამეს

445

2016 წელს, წინა საახალწლოდ მარტო ერთმა სასაკლაომ 300-მდე ცხენი დაკლა. ცხენის ხორცი საქონლისად გასაღდა და გაიყიდა. ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ფერმერი, ბექა გონაშვილი წერს. გონაშვილი სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს და მეცხოველეობაში გენეტიკის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, მეტ შემოსავალსა და უბრალოდ ბიზნესმენად ქცეულ ფერმერებზე საუბრობს.

როგორც მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, იმ ციფრებიდან რაც გვაქვს გამოდის, რომ საკმაოდ კარგი მდგომარეობა უნდა იყოს ხორცის თვითმომარაგებაში.

”ასეც არის მეგობრებო, მაგრამ თუ ასეა ამ წინა საახალწლოდ მარტო ერთმა სასაკლაომ, რომელსაც ვიცნობ, რატომ დაკლა 300-მდე ცხენი? არა, ამაში დანაშაული არც არაფერია, ცხენსაც სჭირდება დაკვლა, მაგრამ ის გაიყიდა როგორც ძროხაო, თავად თქვა იმ კაცმა. და ვინც ამ სფეროში ვტრიალებთ, ყველამ ვიცით ეს. ასევე იკვლება და იყიდება კამეჩის ხორცი ვითომ ძროხაა, ან ამის მოტყუება რა საჭიროა? განა კამეჩმა რაღა დააშავა? მაგრამ ცუდი ისაა, რომ 700 000 სულამდე მოზარდი გყავდეს ქვეყანაში და კიდე ამდენი იმპორტი გჭირდება? კარგით, ამ 700 000 მოზარდიდან ნახევარი ავიღოთ, რომ დასაკლავ კონდიციაში მოდის, თუმცა აი ესეც დიდი პრობლემაა ჩემი აზრით, რომელსაც გენეტიკისკენ მივყავართ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენში დაბადებული საქონელი, რომელიც დასაკლავად უნდათ, 2 წელი იზრდება იმისთვის, რომ 400 კილოს ცოცხალ წონას მიაღწიოს, და ჩემი აზრით სწორედ აქ ვკარგავთ ფულს, რომელსაც სწორედ გენეტიკამ უნდა უშველოს”, – წერს ბექა გონაშვილი და განმარტავს, რომ გენეტიკაში გენმოდიფიცირებას არ გულისხმობს.

 

 

გონაშვილი ექსპორტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2016 წელს, საქართველოდან ექსპორტირებულია დაახლოებით 35 000 000 დოლარის ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

”კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ წინა წლებში ეს ციფრი უფრო ნაკლები იყო და ეგ ცუდია. თუმცა დაახლოებით 4 წლის წინ, თუ არ ვცდები, მხოლოდ აზერბაიჯანში ძროხის ექსპორტმა 65 მილიონ დოლარს გადააჭარბა. წელს ფასები დაახლოებით 4.5 ლარი იყო ცოცხალ წონაზე, ხოლო ახალი წლის დღეებში 5.5-6 ლარებზეც ავიდა და ახლაც ძალიან გაძვირებულია. თბილისის საბითუმოებში ხორცის ასაღები ფასი 11 ლარის ფარგლებში ავიდა, მაშინ როცა ერთი თვის წინ 9-9.5 ლარი იყო. ერთი შეხედვით, მომწონს ფასების მატება, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ არ მომწონს იმიტომ, რომ ხალხში ფული არ არის და ხორცის ყიდვა კიდევ უფრო გაუჭირდებათ. ასევე არ მომწონს იმის გამო, რომ ეს 35 000 000 $ საქართველოში დაიხარჯა ძირითადად მოზარდი საქონლის შესასყიდად, გადიოდა ერაყში 180 კილოგრამიანები. რა არის ამაში ცუდი? დღეს არაფერი, მაგრამ ხვალე იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ეს 180 კილოანი საქონელი არ იკვლებოდა საქართველოში თქვენს მაგიდაზე მოსახვედრად, ამ საქონელს ყიდულობდნენ ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც მას დააბავდნენ და რამდენიმე თვის განმავლობაში კვებავდნენ, რასაც “ატკორმს” ეძახიან. შესაბამისად ასეთი საქონელი “კარმავოი” -ს სახელით არის ცნობილი. ხორცი მეტი გამოსდის საქონელს, არის შედარებით რბილი და დამიჯერეთ ეს ის არის, რაც თქვენ მეტად მოგწონთ. შესაბამისად, ახლო მომავალში გაჩნდება დეფიციტი მასეთ საქონელზე. ახლა უკვე არის დეფიციტი. ამაზე წუწუნებენ ის ფერმერები, რომლებიც წლებია ასე მუშაობდნენ, მხოლოდ “ატკორმზე”. ახლა ვიფიქროთ რა უნდა მოხდეს მომავალში, როცა დგება დეფიციტი ფასი ხომ იწევს მაღლა? გავანებოთ თავი იმას, რომ გაძვირებულ ხორცს გაჭირვებული ადამიანი ვეღარ იყიდის, არამედ ვთქვათ ის, რომ ისევ აქტიურად გაეხსნება გზა იმპორტს, რადგან საჭიროც იქნება იმპორტი. ადრე აზერბაიჯანს ძირითადად 400 კილოგრამის ფარგლებში საქონელი გაყავდა, და ეს პრობლემაც ნაკლებად იდგა, სამომავლოდ კი მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა დადგება”, – აცხადებს ბექა გონაშვილი.

ფერმერი ყურადღებას ღორის ხორცზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ღორის ხორცი საქართველოში არა მხოლოდ გაყინული შემოდის, შემოდის დაკლულიც და შემოდის დასაკლავი (ოღონდ დასაკლავ კონდიციაში მყოფი) ღორები საზღვარგარეთიდან. ”შესაბამისად გავიდა ჩვენი ორი კაპიკი კიდე საზღვარგარეთ და სავალუტო კურსის “ტაბლოზე” შეხედვაზე რასაც ვშვებით ხოლმე, ისევ ის ვქენით…

თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე წასულია. უნდა მოვიგონოთ რეგულაციები, კანონები, რომ დავიცვათ ქართული დახლების სიწმინდე… არც ვინმეს შევიწროვებაა ძალისმიერად აუცილებელი. უბრალოდ მეტი შრომა, გააზრება, შრომის მეტად ეფექტურად დახარჯვაა საჭირო”, – დასძენს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები