ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმები უკვე დაითვალა. საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა და მას ცენტრალური საარჩევნო კომისია უძღვებოდა.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა.
„მე არ შემოვხაზავ მიხეილ ყაველაშვილს“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია „ქართულ ოცნებას“
„უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას“
ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
პრეზიდენტის ასარჩევად 300-წევრიანი კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმა იყო საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.