”ჩვენ მოვამზადეთ წინადადება თუ როგორ მისცემენ ხმას 31 ოქტომბრის არჩევნებზე კოვიდინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები, რომელსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზებთ. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ”მთავარი არხის” დილის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ადამიანებს კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
”შეთავაზება, რომელსაც სულ რამდენიმე საათში პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად გავივლით, არის ის, რომ საკარანტინე სივრცეებში გავხსნათ უბნები, კოვიდინფცირებულებისთვის გავხსნათ უბნები და ამავდროულად ვინც ბინაზე არიან, ესენი შეიძლება იყვნენ კოვიდინფიცრებულები ან თვითიზოლაციაში მყოფები, მათ მოვემსახუროთ გადასატანი ყუთით”, – აღნიშნა ჟვანიამ.
“ფორტუნამ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, სადაც განმარტეს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან.
“ჯერ საბოლოოდ, არჩევნებში, როგორ და რანაირად მიიღებენ მონაწილეობას კარანტინში, თვითიზოლაციაში მყოფი პირები ან ინფიცირებული მოქალაქეები, არ არის გადაწყვეტილება მიღებული. ეს განიხილება პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად, ისევე როგორც კენჭისყრის დღის პროცედურები და ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. ახლა მიდის მუშაობა იმაზე თუ როგორ იქნება ორგანიზებული პროცესი კარანტინში მყოფ პირებზე და ა.შ. როგორც კი დადგინდება ჩვენ ამაზე ინფორმაციას გავავრცელებთ”, – განაცხადეს ცესკოში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე 19 დღე დარჩა. დღეის მდგომარეობით საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5 590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 მოქალაქე, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1 393 ადამიანი იმყოფება.
