სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით შემცირდა.
უწყების ცნობით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.4 ლარი იყო. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის იანვარში 256.9 ლარს შეადგენდა.
თებერვალში ინფლაცია 8.1%-მდე შემცირდა - რა გაძვირდა და რა გაიაფდა
სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 25.6 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი 231.3 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-2 თვეში 227.1 ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის იანვარში – 227.5 ლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში – 204.9 ლარი იყო.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.