საავიაციო ხომალდების სარემონტო ცენტრი იქნება რეგიონული დანიშნულების ობიექტი, სადაც მოხდება თანამედროვე ხომალდების გარემონტება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი გაიხსნა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საკვანძო ჰაბური ფუნქციის განვითარებისთვის.
“ეს იქნება ძალიან ბევრი დამატებითი სამუშაო ადგილი და აბსოლუტურ შესაბამისობაშია ჩვენი რეფორმების გეგმასთან, როგორც განათლების მიმართულებასთან, ასევე სივრცით განვითარებასთან. საავიაციო კვანძის ფუნქციის განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი მაჩვენებლები, განსაკუთრებით ბოლო თვეებში თითქმის ყოველთვიურად 20-30 %-ით იზრდება ტურისტების მაჩვენებელი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო მომსახურება, დატვირთვა ჩვენი საჰაერო კორიდორის ძალიან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამ ყველაფრისთვის ჩვენ რომ ასეთი ცენტრები არ შევქმნათ, ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნებისთვის და ამ დროს ეს კერძო ინიციატივა ძალიან მისასალმებელია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.