ადამიანთა ჯგუფს სიტყვა ბესტსელერს თუ ვუხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ უმრავლესობას ფიქრი უფრო წიგნისკენ გაექცევა და არა რომელიმე სამომხმარებლო პროდუქტისკენ. ეს მცირე ექსპერიმენტი მხოლოდ იმის დასტური იქნება, რომ საგამომცემლო საქმე ისეთივე ბიზნესია, როგორც სხვა დანარჩენი, მაგრამ ის, რაც მას ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან არსებითად განასხვავებს, მისი პროდუქციის დანიშნულებაა – წიგნი სულიერი საზრდოა.
ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტად დაინიშნა. სწორედ მასთან საუბრით შევეცადეთ, არატრადიციული რაკურსით შეგვეხედა საგამომცემლო სექტორისთვის და ის გამოწვევები გამოგვეყო, რომელთა წინაშეც გამომცემლები ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად დგანან.
– გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია 128 წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც პარიზში დაარსდა, თუმცა დღეს მისი სათავო ოფისი ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. ორგანიზაცია აერთიანებს 81 ქვეყნიდან 101 გამომცემელთა ასოციაციას, თუ წიგნთან დაკავშირებულ სხვა ტიპის ორგანიზაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიცავთ ყველა კონტინენტს და ვზრუნავთ ჩვენი სექტორის პროფესიულ განვითარებაზე, დაგროვილი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების საფუძველზე სწორი პოლიტიკის შემუშავებაზე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვეხმარება, ჩვენი სექტორის საერთო სურათი დავინახოთ – რა გამოწვევები აქვს მას დღესდღეობით და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სფერო კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.
ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ცხადია, არის საავტორო უფლებების მიმართულება, რომელიც ზოგადად კულტურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, საზოგადოების ცნობადობა ამ მიმართულებით საკმაოდ დაბალია, რაც არცთუ სასიამოვნოდ აისახება ჩვენს ინდუსტრიაზე. ჩვენ ვლობირებთ საგამომცემლო ინდუსტრიას ამ მიმართულებით ისეთ დიდ ორგანიზაციაში, როგორიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ მისი წევრები უმეტესად სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო ორგანიზაციები არიან, კერძო სექტორის ინტერესების გატარებასა და დაცვას მაქსიმალურად ვცდილობთ. ასევე ვმუშაობთ სიტყვისა და გამოცემის თავისუფლების მიმართულებითაც, რადგან თავისუფლების გარეშე ჯანსაღი გარემო ვერ იქნება ამ სექტორისთვის. აღნიშვნის ღირსია საგანმანათლებლო საგამომცემლო სისტემაც, წიგნიერება და კიდევ ბევრი სხვა მიმართულება, რაც ამ ინდუსტრიის არსებობისთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება საქართველოს, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტად დანიშვნას არ ვიღებ როგორც პირად წარმატებად, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სექტორის მიღწევა და ეს ფაქტი მხოლოდ ბევრი სიკეთის მომტანი იქნება მისთვის. აღსანიშნავია, რომ 128 წლის განმავლობაში, რაც ასოციაცია არსებობს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას ქართველი პრეზიდენტი ჰყავს. სხვათა შორის, ჩემი აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა გენდერული კუთხითაც არ არის თავად ასოციაციისთვის უმნიშვნელო – ამდენი წლის განმავლობაში მე მხოლოდ მეოთხე ქალი პრეზიდენტი ვარ. ასოციაციაში ვცდილობთ, ეს სტატისტიკა შევცვალოთ, გვინდა, რომ ჩვენს სექტორს გენდერული თანასწორობის მაგალითიც მივცეთ. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტობის დროს მიწევდა საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში და ახლაც, სადაც კი უნდა წავიდე, ყველგან წავალ, მათ შორის, როგორც ქართველი გამომცემელიც. ჩემი საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ბუნებრივად იწვევს ინტერესს ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის მიმართ, რაც, თავის მხრივ, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი სტატუსი, ძირითად საქმიანობასთან ერთად, ქართულ კულტურასაც ემსახურებოდეს. იმედი მაქვს, ის, რაც აქამდე მეტ-ნაკლებად გამომდიოდა, მომავალში უკეთ გამომივა.
– კულტურის მსახურება, ცალსახად, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ იგივე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია, რამდენად ზრუნავს იმაზე, რომ გამომცემლობები, გარდა იმისა, რომ შეუფერხებლად აწვდიდნენ სულიერ საზრდოს საზოგადოებას წიგნების სახით, გამართულადაც ფუნქციონირებდნენ როგორც ბიზნეს სუბიექტები?
– რა თქმა უნდა, ზრუნავს. სხვაგვარად სექტორი ვერ განვითარდება. წეღან საავტორო უფლებები ვახსენე და მათი დაცვა არის ფუნდამენტური, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი სექტორის კეთილდღეობასაც. ინტელექტუალური საკუთრება არ არის განყენებული ცნება. ეს არის პროდუქტი, რომელსაც, შესაძლოა, ხელოვანი ადამიანი ქმნის, მაგრამ მასაც სჭირდება მის საქმიანობაში ანაზღაურება. რატომღაც ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მწერალმა გამოცემული წიგნი მათ უნდა აჩუქოს და ის არ უნდა იყიდონ, ან წიგნი უნდა იყოს ძალიან იაფი და არა უშავს, თუ რომელიმე ტელეფონი ეღირება 3000 ლარი. ასეთი მცდარი შეხედულებების წინაშე სულ ვდგავართ და ვცდილობთ, ეს კლიშეები შევცვალოთ.
შიდა სამზარეულოშიც რომ შევიხედოთ, ერთი წიგნის შექმნაში ბევრი ადამიანია ჩართული, მათთვის ეს ანაზღაურებადი სამუშაოა. ამ ადამიანებში, უპირველესად, წიგნის ავტორს ვგულისხმობ, მას მოჰყვებიან რედაქტორები, კორექტორები, დამკაბადონებლები, დიზაინერები, შემდეგ გაყიდვებისა და პიარის ჯგუფის წარმომადგენლები – ის ადამიანები, რომლებიც წიგნების პოპულარიზაციაზე ზრუნავენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ პროცესის ასეთ დონეზე გვიწევს ახსნა. თქვენ ძალიან სწორად მოიყვანეთ ბესტსელერის მაგალითი. ეს ტერმინი მართლაც ყველაზე მეტად ჩვენს სექტორთანაა ასოცირებული, მაგრამ ადრე აზრი ამ მიმართულებითაც იყო გაყოფილი – ბესტსელერი ძირითადად ხდებოდა, უფრო შემოსავლიანად ითვლებოდა თარგმნილი ლიტერატურა და არა ქართველი ავტორის წიგნი. ეს დამოკიდებულებაც, საბედნიეროდ, ნელ-ნელა იცვლება. სასიხარულოა, რომ მკითხველის ყურადღება უკვე ქართველი ავტორების წიგნებისკენაც მიემართება, აღარ ელოდებიან მათ ჩუქებას და შესაძენად წიგნის მაღაზიაში მიდიან.
– იმისთვის, რომ საგამომცემლო სექტორში წინსვლა კიდევ უფრო ხელშესახები იყოს, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია სხვადასხვა ტიპის არაერთ ღონისძიებას ატარებს ხოლმე. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილთაგან რომელს გამოყოფდით?
– ამ წლის ბოლომდე გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პირველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გვიახლოვდება, რომელიც 16 ოქტომბერს გაიხსნება და სადაც დამოუკიდებელ ქართველ გამომცემელთა სტენდი იქნება წარმოდგენილი. იმედი მაქვს, წელსაც წარმატებით წარვდგებით ქართველ ავტორებთან ერთად. ეს ღონისძიება გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციისთვისაც მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მის ფარგლებში სხვადასხვა კომიტეტის შეკრება იმართება ხოლმე. რაც შეეხება მეორე ღონისძიებას, ეს გამომცემელთა მსოფლიო კონგრესი გახლავთ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მქონდა პატივი, ამ კონგრესის პროგრამის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. აღნიშნულ ღონისძიებას ყოველთვის ჰყავს მასპინძელი ქვეყანა, წელს ის არის მექსიკა და გვადალახარაში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გვეყოლებიან მაღალი დონის პროფესიონალები როგორც გამომსვლელებად, ისე დამსწრეებად. ეს იქნება დიდი ზეიმი, რომლითაც საგამომცემლო ინდუსტრია მიმდინარე წელს დახურავს.