LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბას“ გამარჯვებულები და ალეკო შუღლაძის ცეკვა სცენაზე (ვიდეო)

254

„თი-ბი-სი“ ბანკის მიერ 15 წლის წინ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „საბა“ ყოველ წელს უფრო მეტ ძალას იკრებს. ქართული ლიტერატურა თანდათან უფრო მეტად პოპულარული და მოდური ხდება, პირველ რიგში, ქართველ მკითხველს შორის. ქართველი მწერლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ყოველწლიური ლიტერატურული პრემია ქართულ ლიტერატურულ პროცესებს წინ სწევს და ამ დარგის განვითარებას ხელს უწყობს.

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია ქარვასლაში გაიმართა, სადაც ხალხმრავლობა იყო. ცერემონიის წამყვანმა, რატი ამაღლობელმა ჟიურის წევრები წარადგინა. მათი ვინაობა, „საბას“ ჩატარების დღემდე, საიდუმლოდ რჩება ხოლმე, მაქსიმალური ობიექტურობის შესანარჩუნებლად.

ორსაათიანი ცერემონიის განმავლობაში უამრავი სახე ვიხილეთ, გამარჯვებით აღფრთოვანებულები და დამარცხებით დაღონებულები… განსაკუთრებული იყო საუკეთესო რომანის კატეგორიის გამოცხადება, სადაც ერთმანეთს ორი ფავორიტი შეერკინა, არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ და ალეკო შუღლაძის „გადამალვა“. ამ უკანასკნელის გამარჯვებამ დარბაზში უდიდესი ოვაციები გამოიწვია. ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვეს შესანიშნავი პოეტი, ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც „საუკეთესო პოეტური კრებულისთვის“ დაწესებული ჯილდო მიიღო, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლია სტურუას „საბა“ პრემიის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გადასცა…

მამუკა ხაზარაძე:

ვფიქრობ, წლიდან წლამდე „საბას“ ხარისხი და  ასე ვთქვათ, სიმძიმე იზრდება. ამაზე მეტყველებს გამარჯვებულებისა და ლაურეანტების პოპულარობა და მათი ნამუშევრები. წიგნების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს იმას ნიშნავს, რომ წიგნის მკითხველების ბაზარი იზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, კულტურის სამინისტროსთან ერთად, სერიოზულად ვმონაწილეობთ ქართული წიგნების თარგმანში, რომლებიც უცხოეთში უნდა გავიდეს. მჯერა, რომ ქართული წიგნის ერთი დიდი გამარჯვებით გზა გაიკვალება და ამ პატარა ქვეყანას შეეძლება საკმაოდ დიდი ბაზარი ნახოს ესპანურ, ფრანგულ და ინგლისურენოვან ქვეყნებში.მნიშვნელოვანია ამ ფანჯრის გახსნა, რასაც ხელი უნდა შევუწყოთ გამარჯვებულების ნამუშევრების თარგმნითა და მათი საზღვარგარეთ გატანით, ოღონდ იმ წესებით, როგორსაც ეს ბაზარი მოითხოვს – სწორი დისტრიბუციით, პიარითა და წარდგენით.

თქვენ თუ გყავდათ ფავორიტი წლევანდელ „საბაზე“?

სხვათა შორის, ეს ადრე არ სჯეროდათ, მაგრამ ახლა, მგონი, ყველამ დაიჯერა, რომ გამარჯვებულების ვინაობას, მეც, ნებისმიერი მაყურებლის მსგავსად, ბოლოში ვიგებ (იღიმის). ჩემი ჩარევა ამ პროცესში არის აბსოლუტურად უადგილო და არაკორექტული. ეს არის პროცესი, რომელსაც ყველანაირად მხარს ვუჭერთ და გადაწყვეტილების მიღებას ვანდობთ ჟიურის, რომელთა კომპეტენციაში ეჭვი არავის ეპარება. ჩვენც არ ვერევით და სხვაც რომ არ ჩაერიოს, ამასაც მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, რათა კონკურსი ობიექტურად გაიმართოს. მე რომ ვიცოდე, გამარჯვებული ვინ იქნება, ერთი დღით ან ერთი თვით ადრე, ეს უზნეობად მიმაჩნია. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმეა, ხელი შევუწყოთ პროცესს, გამოჩნდნენ დებიუტანტები, ახალი სახეები, დავეხმაროთ მათ ფინანსურად და მკითხველი იყოს კმაყოფილი.

15 წლის წინ, როცა „საბას“ აფუძნებდით, რა იყო თქვენი პროგრამა მაქსიმუმი?

მე ზუსტად ვხედავდი, რა როგორ იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩემს ბევრ ბიზნეს და არა ბიზნესწამოწყებაში ჩემი ხედვები მართლდება. ვფიქრობ, რომ კონკურსის წარმატებას განაპირობებს 15 წლის წინ არჩეული კურსი, რომელსაც ჯიუტად მივსდევთ. ამ საქმეს არ ვეშვებით და მას სწორად ვაკეთებთ. სწორი კი არის მისი გამჭირვალობა და ობიექტურობა. არავის უნდა დარჩეს განცდა, როგორც ძველად იყო, ვიღაცას ნიშანს იმიტომ უწერდნენ, რომ მისი ბიძა „ცეკას“ მდივანი იყო. ეს კი „საბაზე“ გამორიცხულია. დღეს დამისვეს კითხვა, რატომ არის „საბა“ ყველა კონკურსისგან გამორჩეული. იმიტომ, რომ ეს თემა მოიხსნა. სიმართლე გითხრათ, დღეს ვნახე პირველად ჟიურის შემადგენლობა. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს სწორია ან არ არის სწორი, მაგრამ მე ბევრი სხვა საქმე მაქვს. ვიცი, რომ ჟიური როტაციული წესით იცვლება და აპლოდისმენტები, როცა ჟიურის წევრებს აცხადებენ, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება მათ ენდობა…

ლაშა ბუღაძე:

ფაქტია, რომ „საბა“ გავლენას ახდენს ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე. ამას მოწმობს სტატისტიკაც, წლიდან წლამდე უფრო მეტი წიგნი გამოვიდეს, იმ მიზნითაც, რომ „საბაზე“ იქნება განხილული. ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეგაფასონ და დაგაფასონ კიდეც, ავტორი არ არის თავისი ენთუზიაზმის ამარა დარჩენილი. ეს ჩანს აქ. რომ გადავხედოთ „საბას“ ისტორიას, ყოველი წელი, ისტორიულია -აქ ნახავთ მოქმედ კლასიკოსებს და ახალგაზრდა საინტერესო მწერლებს. მაგალითისთვის მოვიყვან ვახტანგ ჯავახაძეს, რომელმაც აიღო „საბა“ სრულიად უნიკალური ტექსტისთვის, რომელიც წელს გამოაქვეყნა, ვგულისხმობ „ელეგიას“. დღეს პოეზია სპეციფიკური მკითხველის ჟანრად მიიჩნევა და მაინც, ვახტანგ ჯავახაძის კრებულმა ასეთი პოპულარობა მოიპოვა.

„საბას“ აქვს გავლენა და კიდევ უფრო მეტი გავლენა ექნება. თუკი სახელოვნებო დისციპლინებზე ვისაუბრებთ, ქართული ლიტერატურა მათ შორის ყველაზე მეტად ვითარდება.

და პოპულარობასაც იძენს…

ბევრი წიგნის მაღაზიაა, უფრო მეტი ავტორი წერს. გეთანხმებით, რომ უფრო პოპულარული გახდა. პირველი „საბა“ რომ გავიხსენოთ, სადღაც 80 წიგნი იყო შესული განსახილველად, ახლა – 400-ზე მეტი.

თქვენი აზრით, ქართული ლიტერატურა დღეს უფრო მეტად ეხმიანება ქვეყნის აქტუალურ საკითხებს?

რასაკვირველია, ტექსტები ეხმიანება. ვერ ვიტყოდი, რომ ახლა უფრო მეტად, 90-იანი წლების რომანები განვიხილოთ – აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“ და დათო ბარბაქაძის სრულიად განსხვავებული ტექსტი, „ტრფობა წამებულთა“. ვერ ვიტყვით, რომ ეს ორი ტექსტი არ ირეკლავდა იმდროინდელ ქართულ რეალობას, უბრალოდ, მაშინ ცოტა წიგნი გამოდიოდა.

ლიტერატორი ყოველთვის რეაგირებდა, შესაძლოა, 90-იანებში 4 კაცი წერდა, დღეს 400 წერს წერს, მაგრამ ეს პოზიცია, როცა ატარებ შენში პრობლემებს და საკმაოდ უკომპრომისოდ რეაგირებ მათზე, არსებობს. იმიტომაც ვთქვი, რომ სხვა სახელოვნებო დისციპლინებთან შედარებით, ლიტერატურა ყველაზე არაკონიუნქტურული და უკომპრომისოა. ყველა სხვა სახელოვნებო დისციპლინა მეტ-ნაკლებად ერგება  პოლიტიკურ და მენტალურ კონიუნქტურას, მაგალითად, კინემატოგრაფი… კი არ ვადარებ, პროცესს განვიხილავ. პროცესის თვალსაზრისით, ქართველი მწერალი ყოველთვის რეაგირებდა ნევროტულად, შიშვლად, გულწრფელად და ეს ხშირად გამაღიზიანებელიც იყო ბევრისთვის, რადგან ეს მართალი იყო. არასდროს ყოფილა ლიტერატურა კონიუნქტურული, უბრალოდ, შესაძლოა, დღეს მწერალს გავლენა არა აქვს, არა მხოლოდ საქართველოში…

თქვენთვის რომელიც წლის ყველაზე აქტუალური წიგნი?

მე, პრინციპში, ვიზიარებ „საბას“ ჟიურის პოზიციას. მართლა პირობითია, ვინ გაიმარჯვა, რადგან ტექსტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუნდაც ავიღოთ „საუკეთესო რომანის“ კატეგორია – კონცეპტუალურად განსხვავებული წიგნები იყო წარდგენილი. ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ და არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ -ამ ორზე იყო დიდი სჯა-ბაასი. როგორც ჩანს, ამ ორმა ტექსტმა მოახდინა ყველაზე დიდი რეფლექსია მკითხველთა შორის და ჟიურიმაც ასახა ეს ტენდენცია, თუმცა მე მივიჩნევ, რომ ამ კატეგორიაში წარდგენილი ყველა ტექსტი იყო ძალიან საინტერესო.  ძალიან მომწონს აჩიკოს ტექსტი, მაგრამ ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ არის საოცარი წიგნი, სადაც მრავალფეროვნება ჩანდა. ეს არის ჩემთვის წლის აქტუალური წიგნი, თუმცა არა მხოლოდ – სხვადასხვა ნომინაციაში ბევრი საინტერესო წიგნი იყო წარდგენილი.

ალეკო შუღლაძე:

„საბა“ არის ყველაზე ძლიერი და დიდი ლიტერატურული კონკურსი. რა თქმა უნდა, ის ახდენს ზეგავლენას ლიტერატურულ პროცესებზე. „საუკეთესო რომანის“ კატეგორიაში გამარჯვებულის გამოცნობა ძალიან რთული იყო, 50/50-ზე გახლდათ შანსები, ასე ამბობდნენ, ყოველ შემთხვევაში. ამბობდნენ იმასაც, რომ მყავდა ერთი ძალიან კარგი კონკურენტი, სხვებიც იყვნენ, მაგრამ ერთს გამოყოფდნენ – არჩილ ქიქოძის „სამხრეთულ სპილოს“, რომელიც ძალიან კარგი ტექსტია.

ძალიან გამიხარდა გამარჯვება, იმდენად, რომ მგონი, ვიცეკვე კიდეც, რაღაც ილეთები გავაკეთე, ზოგი მომენტი არ მახსოვს (იღიმის).

„საბას“ მიღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არ ვიცი, რა ვთქვა… ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს ტექსტსა და ნააზრევს გაგრძელება მოჰყვება არა მხოლოდ ჩემგან, არამედ სხვების მხრიდანაც. ქართული ლიტერატურა მოითხოვს გადახალისებას, ცოტა ევროპაშიც რომ მოვმაგრდეთ…

„გადამალვასთან“ დაკავშირებით უამრავი კომპლიმენტი მიიღეთ, მათ შორის, დასამახსოვრებელი გოგი გვახარიას კომენტარი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ტექსტია…

გოგი გვახარიას კომპლიმენტი იყო საოცარი და უმნიშვნელოვანესი არა მარტო იმიტომ, რომ ის გოგის ეკუთვნოდა, არამედ იმიტომაც, რომ მან თქვა – ქართული ლიტერატურა ცოცხალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ტექსტი აცოცხლებს მას, მე გოგი გვახარიას ნათქვამი ასე გავიგე. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. თურმე, ცოცხალი ყოფილა… ამ დროს რამდენი მწერალია საქართველოში და გოგი გვახარია შენ რომ ასე გამოგყოფს. სალომე ასათიანმა, დავით კოვზირიძემ ასევე ისაუბრეს ჩემს რომანზე. წიგნის პოპულარობას ხელი შეუწყო ზაზა ბურჭულაძემ, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი – „ინდიგოში“ მის მიერ გამოქვეყნებული ჩვენი საუბარი დიდი ტრამპლინი იყო…

თქვენი წიგნის ყიდვა ბოლო დროს საკმაოდ რთულია, ეს „საბამდეც“ ასე იყო და ალბათ, ახლა უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა…

ვიცი, რომ ახალი ტირაჟი დაიბეჭდა, საკმარისი რაოდენობაა და უკვე შეიძლება შეძენა.

მუშაობთ ახალ რომანზე?

დიახ. თითქოს დავასრულე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ მქონია დასრულებული, ცოტა დაღვინებას მოითხოვს. სტილი იგივე შევინარჩუნე, თემა განსხვავებულია, მაგრამ ვფიქრობ, გაამართლებს. ერთი-ორმა ადამიანმა წაიკითხა და მითხრეს, რომ თამასა აწეულია. რთული სათქმელია, როდის დავასრულებ მასზე მუშაობას, ალბათ, სამ-ოთხ თვეში.

პრემია „საბა”-ს გამარჯვებულების ჩამონათვალი ასეთია:

საუკეთესო რომანი

ალეკო შუღლაძე “გადამალვა”

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

რუსუდან რუხაძე “ერთი თქვენგანი გამცემს”

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ნანა ტრაპაიძე “ლიტერატურა და ლიტერატურა”.

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ლევან ბერძენიშვილი “წიგნიერების ევოლუცია”.

საუკეთესო დებიუტი

ბექა ახალაიას “ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის”.

მკითხველის რჩეული ნომინაციაშისაუკეთესო დებიუტი

ზურა აბაშიძე “როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი”.

საუკეთესო ელექტრონული წიგნი

ანდრო ბუაჩიძეს “გაზაფხული მოდის ღამეში” და ლუკა ბაქანიძე “სად ხარ, ლაზარე…”

საუკეთესო ქართული თარგმანი

ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარის” თარგმანისთვის.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

სიბილა შულცეს ანა კორძაია-სამადაშვილის “ვინ მოკლა ჩაიკას” გერმანულ ენაზე თარგმანისათვის.

საუკეთესო პიესა

ლაშა თაბუკაშვილი “სადღაც, ცისარტყელას მიღმა…”

საუკეთესო პოეტური კრებული

ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის “ელეგია და სხვა”.

ლიტერატურული პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას.

 

წელს „საბას“ მუსიკალურ გაფორმებაზე ანსამბლი „ირიაო“, მიშა მდინარაძე და გოგი ძოძუაშვილი ზრუნავდნენ. საღამოს დასრულების შემდეგ ჭიქა ღვინით ხელში გამარჯვებულები სიამოვნებით იღებდნენ  კომპლიმენტებს…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები