გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი, ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
6 და 8 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.6-ჯერ და 1.3-ჯერ, 9 მარტს – ქ.ბათუმში 1.6-ჯერ და ქ.ქუთაისში 1.3-ჯერ, 10 მარტს ქ.ქუთაისში – 1.2-ჯერ, ქ.ბათუმში – 1.9-ჯერ და ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, ხოლო 11 მარტს მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.3-ჯერ. 7 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზზე 1,1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ვარკეთილის III მიკრორაიონი, X კვარტალი, N108-ე საჯარო სკოლასთან; ვარკეთილის III მიკრორაიონი, X კვარტალი, N28-ე საბავშვო ბაგა-ბაღთან; ვარკეთილის III მიკრორაიონი, III კვარტალი, დემირელის სახელობის კოლეჯთან; თრიალეთის ქუჩა N7, N117-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სამინისტროს პორტალზე www.air.gov.ge , ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.