LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

103

„საბავშვო ევროვიზია“ წელს პირველად თბილისში გაიმართება. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა იმ კონკურსანტის ვინაობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე წარადგენს. ჟიურიმ რამდენიმე მომღერლის მოსმენის შემდეგ გრიგოლ ყიფშიძეზე შეაჩერა არჩევანი.

კონკურსანტების მოსმენა „პირველ არხზე“ გაიმართა. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ზაზა შენგელია, მაია ბარატაშვილი, დათო ევგენიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ – მუსიკალური რედაქტორი, ელისო შენგელია, ხმის რეჟისორი – გიორგი ასანიშვილი.

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.

საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს.

ასევე, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. კასტინგი გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩაატარა.

საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g