საბავშვო მუსიკალური გადაცემა „მასტერკლასი“ სტარტს „რუსთავი 2“-ის ეთერში 21 აპრილს, საღამოს რვა საათზე აიღებს. უცხოური პროექტის ქართული ვერსიის ავტორები გვპირდებიან, რომ ეს იქნება პროექტი, სადაც არც ერთი მონაწილე სტრესს არ მიიღებს.
ჩვენ ჟიურის წევრები, გიორგი სუხიტაშვილი და ნუკრი კაპანაძე ჩავწერეთ, რომლებმაც ისაუბრეს, როგორ გაუწევენ მენტორობას 4-4 მონაწილეს.
გიორგი სუხიტაშვილი:
პროექტში მონაწილეობაზე შეთავაზება „რუსთავი 2“-დან მივიღე. ტელეპროექტში მონაწილეობის სხვადასხვა გამოცდილება მქონია, თავისთავად, როგორც მომღერალს, ასევე როგორც წამყვანს თუ მსახიობს, მაქვს საბავშვო სტუდია და მაქვს შეხება ბავშვებთან. მათ ვეკონტაქტები, როგორც ზრდასრულ ადამიანებს, თანატოლებს და პირველ რიგში, „მასტერკლასში“ ჩემი მონაწილეობით მინდა, მათ ვასწავლო, რომ მომღერლობა პროფესიაა. ზოგი მომღერლისგან გამიგია, რომ ერთი სული აქვს, კონცერტზე როდის იმღერებს და მისი გამოსვლა დასრულდება, მინდა, ბავშვებს ვასწავლო, რომ ამას უყურონ, როგორც სიამოვნებას და რაც მთავარია, უყურონ სერიოზულადაც, რადგან მომღერლობა ჩვეულებრივი პროფესიაა. ბავშვობიდან უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ეს არ არის ჰობი და ბევრი რამ გაუადვილდებათ, როცა გაიზრდებიან.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები იყვნენ თავისუფლები და არ ინერვიულონ ერთი კონკრეტული ნოტის აღებაზე, სანამ ამ ნოტს მიადგებიან, მანამდე სიმღერა მათთვის მოსაწყენი არ იყოს, რადგან ყველა კომპოზიციას აქვს თავისი დრამატურგია, რომელიც მომღერალმა უნდა გაიაზროს.
მცდელობას არ დავაკლებ, რომ მონაწილეებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო, იმ გუნდთან ერთად, რომელიც გადაცემაზე მუშაობს.
ეს არის ლიცენზირებული პროექტი, ძალიან კარგი ფორმატის, სადაც ყველა მონაწილე ბოლომდე რჩება, შესაბამისად, ბავშვები აირიდებენ სტრესს, რაც პროექტიდან გავარდნას ახლავს თან… მაყურებელი კასტინგებიდან ნახავს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც პროექტში მოხვდნენ და ვერ ნახავს მათ, ვინც ჟიურიმ არ შეარჩია…
ნუკრი კაპანაძე:
როცა გადავხედეთ არჩევანს, აღმოჩნდა, რომ „მასტერკლასი“ ყველა სხვა პროექტისგან განსხვავებულია. ჩემთვის ეს ფორმატი ახალია. პირველ რიგში იმითაა განსხვავებული, რომ მასში ჩართულია მონაწილე მოზარდის მთელი ოჯახი, ნათესავები და სამეგობრო. სცენაზეც თავდაპირველად მარტო არ გამოდიან და ჰყვებიან საკუთარი თავის შესახებ.
თავიდან ჩემთვის დისკომფორტი იყო, რომ მხოლოდ უცხოური სიმღერები სრულდება, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ბევრ რამეს თავადაც ვისწავლი (იღიმის).
სკოლას ჰყავს დირექტორი, ნიკოლოზ რაჭველი, ოთხ მენტორს კი 4-4 ბავშვთან მოგვიწევს მუშაობა.
რაც მთავარია, მონაწილეებისთვის არ იქნება სტრესი აქ გამოსვლა, გამარჯვებული გამოვლინდება, მაგრამ ყჰველა კონკურსანტი პროექტის ბოლომდე დარჩება.
ნინო მურღულია