საპენსიო რეფორმის თანახმად, საბაზისო პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონის გათვალისწინებით მოიმატებს.
როგორც საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ განაცხადა, საბაზისო პენსია მიბმული იქნება ინფლაციაზე და ეკონომიკურ ზრდაზე, ამიტომ ყოველწლიურად პესია ამ პარამეტრების გათვალისწინებით მოიმატებს.
„ჩვენი მიზანია, რომ პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური პენსიის სტაბილურობას. კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სოციალური პენსია მოიმატებს ინფლაციის დონესთან ერთად. დღევანდელი სისტემის თანახმად, პრაქტიკულად პენსიონერი დაუცველია ინფლაციური მომენტებისგან და გაურკვეველი და ბუნდოვანია, რის საფუძველზე ხდება არსებული პენსიის მატება. ამიტომ მნიშვნელიოვანია ამ მეთოდის შემოღება. ეს უზრუნველყოფს პენსიონერების დაცვას“ – განაცხადა ძიძიკაშვილმა.
მისივე თქმით, პენსიის მინიმალური ზრდა უნდა შეადგენდეს ინფლაციას. ხანდახან იქნება მეტი, ხან ნაკლები ზრდა.
„როდესაც ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი, იმ წელს პენსიის ზრდა იქნება, შედარებით მაღალი, როცა იქნება მოკრძალებული ზრდა, მინიმუმ ინფლაციის დონეზე იქნება ზრდა“,- განმარტა ოთარ ძიძიკაშვილმა.