LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცხობი „Gluten-free“ – პრობლემიდან გამოსავლის პოვნის ამბავი

779
ეკა აბრამიშვილი

16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ცელიაკიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სპეციალური კამპანია ჩატარდება. საერთაშორისო კამპანიას საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია, ცხადია, შეუერთდება და 16 მაისს თავს მოუყრის ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნული დაავადების და უგლუტენო საკვებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირების კუთხით თავისი წილი პასუხისმგებლობის გამოჩენას ცდილობს. მათ შორის იქნება ეკა აბრამიშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თბილისში, კანდელაკის ქუჩის დასაწყისში უგლუტენო პურის საცხობი გახსნა იმიტომ, რომ პრობლემიდან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ უგლუტენო პროდუქტების ხელმისაწვდომობის სახით შეეჩეხა, სხვა გამოსავალი ვერ იპოვა.

ეკა აბრამიშვილი, საცხობის „Gluten-free“ მეპატრონე:

– 2019 წელს ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს გლუტენის აუტანლობა გამოუვლინდა. რა თქმა უნდა, აუცილებელი გახდა კვების სპეციალური რეჟიმის დაცვა, მაგრამ შესაბამისი პროდუქტების მოძიება რთული აღმოჩნდა. ძალიან დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით, სად რა გვეყიდა. დღეს დეფიციტი აღარ არის, მაგრამ არც მრავალფეროვანი ეთქმის არჩევანს, ძალიან მაღალია ფასებიც. ადგილობრივი წარმოების უგლუტენო პროდუქტებს რაც შეეხება, დიდი რისკია, რომ იყოს გლუტენით „დაბინძურებული“, რადგან ზოგჯერ უგლუტენო პროდუქტებს ჩვეულებრივი ხორბლის, ქერის და ჭვავის პროდუქციის გვერდით ამზადებენ, ე.წ. ჯვარედინი დაბინძურება კი ცელიაკიის მქონე ადამიანებში იგივე რეაქციას იწვევს, რასაც გლუტენიანი საკვების მიღება.

თავდაპირველად უგლუტენო პურს სახლის პირობებში მხოლოდ ოჯახის წევრისთვის ვაცხობდით, მაგრამ შემდეგ როდესაც ამ საკითხში კარგად გავერკვიე, გავიგე, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ექმნებათ ეს პრობლემა და მათში გლუტენის აუტანლობა უფრო მაღალი რეაქციით მიმდინარეობს, ცელიაკიის მქონე ბავშვებისთვის უგლუტენო პურზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საცხობის გახსნა გადავწყვიტე. დედასთან ერთად დავიწყე კვლევა, როგორ უნდა ყოფილიყო საცხობი მოწყობილი. დედას ცხობის კუთხით გამოცდილება ჰქონდა, ცხობის ზოგადი ტექნიკის დასაუფლებლად მეც გავიარე შესაბამისი კურსები, თორემ უგლუტენო პურის ცხობის კურსები არ არსებობდა. შემდეგ მე და დედამ რეცეპტები დავამუშავეთ, ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ სათანადო სტრუქტურის პური მიგვეღო, პური, რომელიც არ დაიფშხვნებოდა, არც ძალიან რბილი იქნებოდა. საბოლოო ვარიანტის ნიმუში გლუტენის შემცველობაზე გამოსაკვლევად საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის რეკომენდაციით ლაბორატორიაში ჩავაბარეთ და 0.005 მგ/კგ გამოვლინდა, რაც იდეალური შედეგია, რადგან პროდუქტი უგლუტენოდ ითვლება, როცა მასში გლუტენის შემცველობა 20 მგ/კგ-ზე ნაკლებია. რაც შეეხება პურის გამოსაცხობად საჭირო ნედლეულს, თურქეთიდან ჩამომაქვს, თუმცა უკვე მხოლოდ ერთი სახეობის და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებულს ვიყენებთ, რადგან ერთხელ, ცდის პროცესში, ერთი კონკრეტული სახეობის ფქვილი რომ გამოვიყენეთ, აღმოჩნდა, რომ ის გარკვეულ რეაქციას იწვევდა ორგანიზმში.

– უგლუტენო კვება ძვირი რომ ჯდება, საკუთარი გამოცდილებიდან მოგეხსენებათ, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორ განსაზღვრეთ ფასი საკუთარ პროდუქციაზე?

– შესაძლოა მეწარმის ერთ-ერთი მიზანი მოგებაზე გასვლაა, მაგრამ ამ საქმეს სუფთად ადამიანური კუთხით მივუდექი. ჩვენს პროდუქციასაც ძვირი ეთქმის იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეული არ არის იაფი, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც მარკეტებში იყიდება, ბევრად ხელმისაწვდომია. გარდა იმისა, პურს, რომელსაც 6 და 8 თვე აქვს ვადა და პოლიეთილენის პარკში ინახება, ვერანაირად ვერ იქნება იმაზე ჯანსაღი და იაფი, ვიდრე პური, რომელიც ყოველდღიურად ცხვება, არ შეიცავს დანამატებს, არის საკმაოდ ნოყიერი, იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესად ბრინჯის ფქვილს შეიცავს, არის მაღალი ენერგეტიკული ღირებულების. ჩვენ გვყავს სტაბილური კლიენტები, რომლებსაც, მაგალითად, 5 პური მიაქვთ. პური კარგად ინახება ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღე და მაცივარში სირბილეს 5-7 დღე ინარჩუნებს. აქვე დავამატებ, რომ გარდა იმისა, რომ საქმის დაწყებისას ნუტრიციოლოგებთან გავიარე კონსულტაცია, თავადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი ვარ, შესაბამისად, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ჩემთვის პრიორიტეტია. ცელიაკია ხომ ალერგიული გამოვლინება არაა, ეს ავტოიმუნური დაავადებაა, რომელთან ერთადაც უნდა იცხოვრო. ყველა ახალი პროდუქტი, რომელსაც კი დავამზადებთ, ყოველთვის ლაბორატორიულად შემოწმდება.

– ერთგული მომხმარებლები ახსენეთ, ვინ არიან ისინი?

– ძირითადად გლუტენის აუტანლობის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან ხარისხს, ბევრ შეკითხვას სვამენ, ათვალიერებენ საცხობს. ერთხელ, როცა კექსებს და ორცხობილებს ვტესტავდით, რამდენიმე მომხმარებელი პროცესზე დასაკვირვებლადაც კი მოვიწვიეთ. რაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, აღმოვაჩინე, რომ ეს პრობლემა ბევრ ადამიანს ჰქონია და კიდევ ბევრს აქვს, მაგრამ ამის შესახებ არ იცის. მეც კი, როდესაც საერთოდ ამოვიღე რაციონიდან ხორბალი, თვალნათლივ დავინახე, როგორ  გამიუმჯობესდა სახის კანი. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ საქმეს, ადრე თუ ჰობის დონეზე მქონდა ის, უკვე დიდი სურვილი მაქვს, მთელი დრო მას დავუთმო და გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანებს მცირედით მაინც დავეხმარო.

– ეკა, უახლოეს მომავალში ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას ხომ არ აპირებთ?

– გარდა იმისა, რომ მალე მომხმარებელს ულაქტოზო ტკბილეულსაც შევთავაზებთ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოდან სააღდგომო პასქების გაყიდვას დავიწყებთ. ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმში ვართ, გვინდა, რომ მომხმარებელს იდეალური ვარიანტი შევთავაზოთ. ცხადია, საცდელი პასქების გამოცხობამდე რეცეპტი საგულდაგულოდ დავამუშავეთ. იმედი გვაქვს, გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანების სააღდგომო სუფრას ჩვენი პასქებიც დაამშვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები