LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცობები და დაბინძურებული ჰაერი – რა შეზღუდვები იგეგმება სამთო კურორტებზე

bakuriani

“ვიმედოვნებ, რომ საქართველოს სამთო კურორტებზე მალე უკეთესი ინფრასტრუქტურა და ნაკლები ავტომობილი იქნება” – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს გერმანელი ტურისტი, დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი დირკ გებჰარდტი, რომელიც ახლახანს საქართველოს სამთო კურორტს, ბაკურიანს, ოჯახთან ერთად სტუმრობდა. გერმანელი სტუმარი ამბობს, რომ განსაკუთრებით სასიამოვნო მათთვის კეთილგანწყობილ ქართველებთან ურთიერთობა იყო.

“ვიმედოვნებ, აქ მალე უკეთესი გზები, ტროტუარები, ნაკლები ავტომობილი და შესაბამისად, ნაკლები დაბინძურება იქნება. უკეთესი ტრანსპორტია საჭირო იმისთვის, რომ არ გქონდეთ საცობები. ვისურვებდი მეტ რესტორანს და კვების დაწესებულებებსაც. ევროპელებისთვის ბაკურიანი პატარა კურორტია, თუმცა, მას აქვს ძირითადი სათხილამურო ინფრასტრუქტურა. ყველაზე სასიამოვნო ჩვენთვის კეთილგანწყობილ ქართველებთან ურთიერთობა იყო. ტრენერები იყვნენ მცოდნენი და მეგობრულები,” – ყვება დირკ გებჰარდტი “ფორტუნასთან.”

საცობები და სივრცითი განვითარება – ეს ის პრობლემებია, რომელსაც სამთო კურორტზე დამსვენებლები უკვე წლებია, აწყდებიან და ამბობენ, რომ ამან სამთო კურორტზე ჰაერი მნიშვნელოვნად დააბინძურა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ბაკურიანის ერთ-ერთი სათხილამურო ტრასის მიმდებარედ ავტომობილებით გადატვირთული ტერიტორიის ფოტოც გამოჩნდა, „სუფთა ჰაერი ქართულად“ – ასეთი იყო სოცქსელის რეაქცია არსებულ ვითარებაზე.

ექსპერტები გამოსავალს სწორ სივრცით განვითარებაში, შეზღუდვების დაწესებაში, საპარკინგე სისტემის მოწყობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ხედავენ. ორგანიზაცია „პარნტიორიბა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა ამბობს, რომ მთავრობამ სამთო კურორტებზე უბრანული განვითარების ხედვასთან ერთად, აუცილებელია, ტრანსპორტის განვითარების გეგმა შეიმუშავოს.

„პირველ რიგში, მოსაწასრიგებელია პარკინგის სისტემა. აუცილებელი არ არის, რომ ყველა ავტომობილით მოხვდეს სათხილამური ტრასებთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს. გზა ისედაც ვიწროა, ამიტომ არის იქ სივრცეები, სადაც უნდა მოეწყოს საპარკინგე ადგილი და ავტომობილების გაჩერება არ უნდა ხდებოდეს ქუჩაში. ცენტრალურ ადგილებზე კერძო ავტომობილებით მისვლა უნდა შეიზღუდოს. სხვა ქვეყნებში იყენებენ ელექტროავტობუსებს, რომელსაც გადაყავს ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ძვირიც არ დაჯდება, რადგან ფასიანი იქნება ამით მომსახურება,“ – ამბობს გელა კვაშილავა.

პრობლემას აღიარებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. როგორც “ფორტუნასთან” მინისტრის მოადგილე გიგა კაცია ამბობს, სამთრო კურორტებზე განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ სასკოლო არდადეგების დროს არის. როგორც გიგა კაცია აღნიშნავს, პრობლემის გადასაჭრელად სამთო კურორტზე შეზღუდვა ზაფხულის საბურავებიან და გაუმართავ ავტოტრანსპორტზე დაწესედება, იგეგმება სათხილამურო ტრასებთან მიმავალ გზებზე საკუთარი ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაც, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საპარკინგე სისტემის განვითარება.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ეკოლოგიური ტრანსპორტი, საუბარია ადაპტირებულ ზამთრის კურორტებისთვის დამახასიათებელ ტრანსპორტზე.

ვმუშაობთ, თუ როგორი სახით უნდა შეიზღუდოს საკუთარი ავტომობილებით გადაადგილება, სრულად შეზღუდვაზე არ არის საუბარი, არის საუბარი მონაკვეთებზე, გარკვეულ მარშრუტებზე, პირველადი მონახაზი უკვე გვაქვს, მთავარი ლოკაციები არის სათხილამურო ტრასების მიმდებარე ტერიტორია და მასთან დამაკავშირებელი გზები,“ – განმარტავს “ფორტუნასთან” გიგა კაცია.

მისივე თქმით, ახლა ბიუჯეტის დათვლა მიმდინარეობს და მომავალ სეზონს კურორტი უკვე ცვლილებებით შეხვდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კურორტებზე პრობლემას ქმნის, წლების მანძილზე ქალაქგეგმარების და სტრატეგული განვითარების არარსებობაა. ურბანისტი ირაკლი ჟვანია მიუთითებს, რომ აუცილებელია, გათვლილი იყოს კურორტების ტევადობაც.

 

„აქამდე არავის უფიქრია, კურორტი რა ტევადობაზე უნდა იყოს გათვლილი და სად და როგორ შეიძლება მშენებლობა. ამ დაგეგმვას კი უნდა რეგიონალური მასშტაბით შეფასება. ასეთი თავკომბალა კურორტის არსებობა არის დამღუპველი. გადახედეთ ალპებს, სოფლები და დაბები არის თანაბრად დატვირთული. ეს ბაკურიანი გახეთქვამდე რომ არის მისული დაუფიქრებელი მშენებლობებით, მის ირგვლივ შესანიშნავი სოფლები საერთოდ მიდგებულია – მიტარბი, ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, ლიბანი, ცემი, წაღვერი… ბაკურიანის ასე გატენვას სჯობდა ამ სოფლებში გადანაწილებულიყო დატვირთვა და აწყობილიყო გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მოდერნიზებული „კუკუშკით“, ავტობუსებით, “შატლებით”, მარხილებით… მაგრამ არ გვიყვარს ჩვენ ფიქრი, შორს გახედვა, დაგეგმვა და მომავალზე ზრუნვა. დღეს გვინდა ყველაფერი და მარტო ჩვენთვის. ჰოდა, აგერ ბატონო დაარეგულირა ბაზარმა,“  – წერს  ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში.

 

ბაკურიანის გენგეგმა უკვე არსებობს და როგორც გიგა კაცია ამბობს, მშენებლობაზე შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე ამოქმედდა, გაჩნდა რეკრეაციული ადგილებიც. მისივე ინფორმაციით, იგეგმება ბაკურიანის ირგვლივ მდებარე სოფლების განვითარებაც, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ბაკურიანი სიდიდით საქართველოს მეორე ან მესამე ქალაქი უნდა გახდეს. თუმცა, მსგავსი გეგმები უფრო ადრეც არსებობდა და მასზე ჯერ გიორგი კვირიკაშვილი საუბრობდა. ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ბაკურიანი რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს, როგორიც დავოსი შვეიცარიაში. მას შემდეგ 3 წელი გავიდა, თუმცა, სამთო კურორტზე პრობლემები კვლავაც ბევრია.

magti 5g