LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცობი კიდევ კარგი სიტყვა იქნება, რაც დაგვემართება – ბასლაინი, ველობილიკი თუ კერძო ტრანსპორტი

2426
საგზაო-ნიშანი-გზის-რეაბილიტაცია

კერძო ტრანსპორტი, ავტობუსის სავალი ზოლი (ბასლაინი), ველობილიკი და ქვეითთა გადასასვლელი – ეს ყველაფერი ახმეტელის მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი ძირითადი გზის, ხიზანიშვილის ქუჩის 12-მეტრიან მონაკვეთზე უნდა განთავსდეს. ყოველ შემთხვევაში თბილისის მერიის სურვილი ასეთია. თუმცა, სურვილი რომ რეალობად იქცეს, ამისთვის კვლევა ტარდება. კვლევა, ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, მანამდე კი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვეკუა-ხიზანიშვილსა და ჭავჭავაძის გამზირზე ბასლაინებისა და ველობილიკების განთავსების, ასევე ქვეითთა გადასასვლელებისა და ზოგადად ტრანსპორტის გადაადგილების სქემის დაგეგმვას „სპექტრუმი“ ახორციელებს. მანამდე, კი „ფორტუნასთან“ ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ გზის მონაკვეთზე უკვე ამოთხრილია 4-მეტრიანი ნაწილი, რომელზეც სავარაუდოდ ბასლაინი უნდა განთავსდეს, ასევე, შემცირდა ტროტუარები, სადაც მათი ინფორმაციით, გამოთავისუფლდა 3 მეტრამდე სიგანის გზა ველობილიკისთვის. შესაბამისად, უხეში გათვლებით, კერძო ტრანსპორტისთვის, ხიზანიშვილის ქუჩაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 8-მეტრიანი გზაა დარჩენილი.

ნათია რეხვიაშვილი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, გზის რეაბილიტაციის გამო, შექმნილ კოლაფსზე უკვე წუხს. მას ყოველდღე ხიზანიშვილის ქუჩის თითქმის მთელი მონაკვეთის გავლა პიკის საათში უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარი კერძო ტრანსპორტით გადაადგილდება, უკვე შესამჩნევია, იმაზე მეტი საცობი, ვიდრე ეს შედარებით დატვირთულ სეზონზეა ხოლმე.

გადათხრილია მთელი ქუჩა. უნდა გაკეთდეს, ამას არავინ დაობს, მაგრამ ბასლაინი და ველობილიკიც თუ უნდა დაემატოს ამას, ჩვენ ფაქტობრივად ვეღარ ვივლით. ისეთ ადგილზე ვმუშაობ, შანსი არაა, მანქანის გარეშე ვერ მივალ, ამიტომ ჩემთვის არ კეთდება არც ბასლაინი და მით უმეტეს, არც ველობილიკი. პირიქით, ხელს შემიშლის გადაადგილებაში,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბრისას ნათია.

ავთო პაიჭაძე კი ამბობს, ბასლაინი ზოგადად კარგია, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, აბსოლუტურად გაუმართლებელია ამის გამო სამოძრაო ზოლს ერთი ზოლი მოაკლდეს.

„მარტივი არითმეტიკაა. ახლა არის ერთი ზოლი პარკინგი და სამი ზოლი ტრანსპორტისთვის. ამას ერთი ზოლი რომ მოაკლდეს ბასლაინისთვის და კიდევ ერთი ველობილიკისთვის, რა დარჩება? თუნდაც პარკინგის ზოლი რომ ბასლაინისთვის გამოიყენონ, მაინც საშინელება იქნება. არ ვიცი ვინ რას იკვლევს, მაგრამ ფაქტია, ცუდსა და უარესს შორის, ვირჩევთ უარესს, საცობი კიდევ კარგი სიტყვა იქნება, რაც დაგვემართება“, – აცხადებს ავთო პაიჭაძე.

მიუხედავად, მოქალაქეების უკმაყოფილო პოზიციისა, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ევროპული სტანდარტი, რომელსაც რეაბილიტაციის პროცესი ეყრდნობა, ამბობს, რომ პრიორიტეტი არის ქვეითი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ველოტრანსპორტი ანუ ეკოლოგიური ტრანსპორტი და სხვა დანარჩენი.

„ეს არის სწორი გზა, რომელიც ევროპის ქალაქებმა იპოვნეს და რითიც ააწყვეს თანამედროვე  სატრანსპროტო სქემები, რომელიც მუშაობს გამართულად. მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია. ჩვენ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ქვეითებს, ანუ მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ანუ ტროტუარები უნდა იყოს მოწყობილი ლამაზად და კარგად, ქვეითთა გადასასვლელები უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იმოძრაოს შეუფერხებლად, სწრაფად და გრაფიკში რომ ჩაჯდეს. ეს უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის მიმზიდველი და ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველდიურად კერძო ტრანსპორტის გამოყენება. მიმზიდველი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, იაფიც და კომფორტულიც. ცხადია, ველოტრანსპორტი უნდა განვითარდეს, აქ საუბარია ეკოლოგიურ ტრანსპორტზეც. ეს ყველაფერი უნდა განვითარდეს და ამავე დროს უნდა იყოს კომფორტული გადაადგილება კერძო ტრანსპორტისთვისაც“, –  განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

მათივე თქმით, თუ განვითარდება მუნიციპალური და ეკოლოგიური ტრანსპორტი, ისე როგორც ევროპაშია, ეს თავისთავად გამოიწვევს კერძო ტრანსპორტის გამოყენების შემცირებას.

მეც კერძო ტრანსპორტით ვსარგებლობ იმიტომ, რომ მოცემულ ეტაპზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ უზრუნველყოფს ქალაქის მოთხოვნებს, ამიტომ თბილისელების უდიდესმა უმრავლესობამ ავტომანქანა იმიტომ იყიდა, რომ  მეტნაკლებად კომფორტულად გადაადგილებულიყო. რომ დავინახავ, გვერდზე ჩამიქროლებს 50-თეთრიანი, იაფი, კონდინცირებული, კომფორტული ავტობუსი და ის უფრო ჩქარა იმოძრავებს, ვიდრე მე, რა თქმა უნდა, დავფიქრდები, ხომ არ სჯობს  ვიმგზავრო ავტობუსით და მანქანა დავტოვო სახლში,“ – აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.

 

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეს დათო მესხიშვილის ავტობუსის ზოლებთან და ველობილიკებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, თუმცა, საკითხს სკეპტიკურად უყურებს, სანამ არ დაიდება შესაბამისი კვლევა, რა რატომ უნდა გაკეთდეს და რა შედეგს მოიტანს, რადგან, მისი თქმით, ერთი ასეთი გზა, სადაც სრული ქაოსი და არეულობაა, პეკინის გამზირზე უკვე აქვს თბილისს.

„როცა პეკინი გაცალმხრივდა, რეალურად ახლა ჩანს, რომ არ იყო დათვლილი საგზაო ნაკადები, საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა. ნებისმიერი ასეთი მასშტაბური ცვლილება ჩემთვის მისაღებია თუ დაიდება კვლევა. მარჩიელობის ფონზე თუ ხდება გადაწყვეტილებების მიღება ცუდ შედეგს მოგვცემს. ბასლაინებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ისეთი, რომ სადაც კი არის ამის მინიმალური საშუალება მაინც, ავტობუსის ხაზი უნდა გაკეთდეს. ოღონდ, ჯერ ავტობუსები უნდა იყოს რაოდენობრივად საკმარისი. რეალობა გვაქვს ისეთი, რომ არ გვყავს შესაბამისი ოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მგზავრთა გადადგილებას. დღევანდელ დღეს ავტობუსების რაოდენობა არაა საკმარისი და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაა მოქნილი. მერიაში ეს უნდა ესმოდეთ, რომ ავტობუსის ზოლი კარგია, მაგრამ იქ, სადაც ვერ ახერხებენ საკმარისი ოდენობის ავტობუსების მიწოდებას, იქ ყოველთვის იქნება კერძო ავტომობილების მეტი რაოდენობა. იქ სადაც პრობლემაა მგზავრთა გადაყვანაში, დახაზონ უბრალოდ ზოლი და არ იაროს ავტობუსებმა, არ არის გამართლებული“, – განუცხადა „ფორტუნას“ დათო მესხიშვილმა.

 

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია ბასლაინი გაკეთდეს მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარედაც. ჯავახეთის ქუჩა საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით პიკის საათებში, თუმცა მეორეს მხრივ ავტობუსს გაჩერებამდე მისვლა უჭირს. ტაბლოზე ავტობუსის მისვლის დროს აჩვენებს, ავტობუსიც ჩანს, მაგრამ გაჩერებამდე მიღწევას მაინც საკმაო ხანს ანდომებს. ტრანსპორტის მისვლას ხელს უშლიან ტაქსები, ასევე ავტობუსის სავალ ნაწილზე მუდმივად გაჩერებული ავტომობილები და ა.შ. მართალია ამ მონაკვეთზე ბასლაინი ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემას მოაგვარებს, თუმცა აქაც ალბათ დადგება ზოლების შემცირების, პარკინგის პრობლემა.

 

 

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, ქუჩებს, რომელსაც კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომავალში, ველობილიკებისა და ბასლაინების მოწყობა იქნება პრიორიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, რადგან მერიის სურვილია, ველობილიკების ქსელი გაფართოვდეს და მას ჰქონდეს სრულფასოვანი ტრანსპორტის ფუნქცია.

magti 5g