ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა გორსა და თბილისში დაფიქსირდა, ამის შესახებ „ფორტუნას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
მათი განცხადებით, მომდევნო დღეებში, კერძოდ 19 აგვისტოდან ტემპერატურა დაიკლებს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი მოსალოდნელია წვიმა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში იქნება 31 -36 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 32-37 გრადუსი დაფიქსირდება. 18 აგვისტოს მერე ვვარაუდობთ, რომ თბილისში 39 გრადუსი აღარ დაფიქსირდება. 19 აგვისტოს მერე დასავლეთშიც და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ტემპერატურა 30-36 გრადუსის ფარგლებში დაიწევს. დასავლეთში კი უფრო მეტად, 29-34 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა“. – აღნიშნა ნინო წულაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში 18 აგვისტოს ჩათვლით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დღის განმავლობაში 32-37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის განმავლობაში კი 20-22 გრადუსი. 19 აგვისტოს შემდეგ თბილისში 32-34 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ტემპერატურა თბილისში და გორში დაფიქსირდა. თბილისში 39 გრადუსი და გორში კი 38 გრადუსი ფიქსირდებოდა.“- აღნიშნა ნინო წულაძემ „ფორტუნასთან“.