თბილისში, რუსთაველის გამზირზე ყოველი საღამო ერთნაირად იწყება: საღამოს შვიდის შემდეგ ხალხი დედაქალაქის ცენტრისკენ მიემართება და რამდენიმე საათში მათი რიცხვი ათი ათასებებს აღწევს.
ცეკვა-თამაში, მსჯელობა, იმედიანი განწყობა, უპრეცედენტო დიდი სუფრა საახალწლო ღამეს… პროტესტის შემადგენელი ნაწილი გახდა – რუსთაველის გამზირმა კიდევ ერთხელ უნდა განსაზღვროს ქვეყნის უახლესი მომავალი.
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წელიწადის განმავლობაში აქციების, პროტესტების, დარბევების მეტი რა უნახავს, მაგრამ ასეთი მასობრივი და რეგულარული საპროტესტო აქციები არასოდეს. ყველა ასაკის და სოციალური ფენის ხალხი გამოდის საპროტესტო აქციაზე – ყველას ერთი რამ სურს: გზა და მომავალი ევროპისკენ.
ჯერ კიდევ ძნელია იმის თქმა, თუ როგორი შედეგით დასრულდება საპროტესტო მოზღვავება, მაგრამ ცხადია, რომ საქართველო ახალ, მორიგ გარდამტეხ ეტაპს გადის თავის უახლეს ისტორიაში. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს განსაზღვრავს არა მხოლოდ საკუთარ ბედს, არამედ მთელი რეგიონის იერს უახლოეს წლებში.
რუსეთის სამხედრო შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად დააჩქარა ევროინტეგრაციის პროცესი რეგიონში, მოხსნა ბიუროკრატიული ბარიერები, რომელთა გადალახვას მანამდე წლები სჭირდებოდა. ამან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური იმედი გაუჩინა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ინტეგრაციის შეჩერების შესახებ აქციის მონაწილეები ღალატად და რუსეთისკენ შემობრუნებად აღიქვამენ.
თავად „ქართულ ოცნებაში“ ცდილობენ სახე შეინარჩუნონ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. პარტიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
მაგრამ სად არის გამოსავალი და… ვინ გადაწყვეტს გამოსავალს?
ტრამპის ფანჯარა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პირველი არხის საგანგებო ეთერში საუბრისას ამბობს:
„არ შემიძლია ამაზე მსჯელობა იმის გარეშე, თუ რა და როგორ იქნება უცხოეთში.
საერთაშორისო ურთიერთობების ავტორები ცოტა უფრო დიდი ფიგურები არიან. ეს მსოფლიო მასშტაბის ავტორები როგორ დაალაგებენ საქართველოს გარშემო პასეანსს, ამის გარეშე ჩვენთან მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობა ცოტა რთულია.
დონალდ ტრამპი ევროპაში ჯერ კიდევ არ შემოსულა. ის ევროპისკენ უნგრეთის ფანჯრიდან იყურება. უნგრეთი კონსერვატორია. ორბანი საქართველოს უყურადღებოდ წუთითაც არ ტოვებს, არჩევნებიდან მეორე დღესვე ჩამოვიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპი ევროპას ორბანის ოთახიდან უყურებს, სავარაუდოდ კონსერვატორობის მხარდაჭერის გამო, რბილად რომ ვთქვათ, კორექტული პოზიცია ექნება ჩვენს მიმართ, რადგან საქართველოც კონსერვატორული ორიენტაციის სახელმწიფოდ მიიჩნევა. ეს ორიენტაციაა ტრამპთან ხიდის გადების საფუძველი“.
კონგრესმენი უილსონი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აღნიშნავს:
„ვფიქრობ, მათ ყოვლად მცდარი წარმოდგენები აქვთ დონალდ ტრამპზე. ის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერია და მხარს უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. მართალია, ტრამპი მოლაპარაკების მომხრეა, მაგრამ როცა ხედავს, რომ შეთანხმება ვერ შედგება, გადამწყვეტად მოქმედებს“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე პირველი არხის გადაცემაში ამბობს:
„ეს შედეგი რომ დამდგარიყო, რაც ახლა საქართველოშია, როგორც შიგნით, ასევე გარეთ ბევრი ძალა იყო დაინტერესებული. გამოსავალი უნდა იყოს კომპრომისი, ეს აუცილებელია. პოლიტიკური კომპრომისის გარეშე ქვეყანა ვერ დგება ფეხზე.
ვამბობ, რომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ოღონდ ვინ და ვინ უნდა შეთანხმდნენ, ამას ნუ მკითხავთ.
ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ინიციატივა არ გაუშვას ხელიდან, თვითონ უნდა ელაპარაკოს ყველას“.
სალომე
აურზაური სასახლის გამო
სალომე ზურაბიშვილმა არ აღიარა მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, თუმცა უარი თქვა რეზიდენციისთვის ბრძოლაზე.
29 დეკემბერი მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა ყოფილიყო „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მწვავე დაპირისპირებაში. ამ დღეს შესაძლოა დაწყებულიყო ან არ დაწყებულიყო დაპირისპირების მორიგი ეტაპი.
სწორედ წლის ბოლო კვირა დღეს ჩაინიშნა სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული ყოფილი ფეხბურთელის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო პოსტს 2018 წლიდან იკავებდა, უარი თქვა მემკვიდრის მეთაურად აღიარებაზე და ამბობდა, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტად დარჩებოდა, არამედ ორბელიანების სასახლეშიც დაბანაკდებოდა. თუმცა საბოლოოდ ზურაბიშვილმა არ გარისკა და ნებაყოფლობით დატოვა სასახლე, მაგრამ მისივე სიტყვებით, თან წაიღო „ლეგიტიმაცია“. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ წარმოადგენს ინტერესს“ და მიხეილ ყაველაშვილი გახდა ქვეყნის პირველი „პატრიოტი პრეზიდენტი“ ბოლო 20 წლის განმავლობაში.
„სასახლეს დავტოვებ და თქვენთან გამოვალ“, – თითქმის მაშინვე მოკლა ინტრიგა ზურაბიშვილმა.
მან გადაწყვიტა არ შეესრულებინა საკუთარი მუქარა, რომ არ დატოვებდა პრეზიდენტის რეზიდენციას. მის გადაწყვეტილებაზე, ალბათ, გავლენა მოახდინა ხელისუფლების „საბოლოო გაფრთხილებამ“. ხოლო მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ერთი საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს „სასახლე მემკვიდრეობით არ მიუღია. მისმა მრჩევლებმა უთხრან, არ წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რამაზ საყვარელიძე:
„ეს გადაწყვეტილება თვითონ ზურაბიშვილზე მოახდენს გავლენას. დადებითი კონტური შეიქმნა მის ირგვლივ, თუმცა ბევრს არ მოსწონს მისი ეს საქციელი. მაგრამ ეს ნაბიჯი ჯობდა. ჩათავდა ისე როგორც ქვეყნისთვისაც ჯობდა, ოპოზიციისთვისაც და თავად ზურაბიშვილისთვისაც. კარგი გადაწყვეტილება იყო“.
მამუკა არეშიძე:
„საზოგადოებაში მოლოდინი იყო. ეს იყო კრიზისის ერთგვარი კულმინაცია. ან რჩებოდა ან გამოვიდოდა.
გამოსვლამ ცივილიზებული იერი მისცა პროცესს. დასავლური პოლიტიკური ცხოვრების წესისთვის არალეგიტიმური ფიგურა მიუღებელი ცნებაა. არ გამოვრიცხავ, რომ მათი რჩევაც იყო, რომ დაეტოვებინა სასახლე.
თუ არ გამოვიდოდა, ეს იქნებოდა მორიგი კულმინაცია, ამბავი შეიქმნებოდა, მაგრამ ამბავი არ შეიქმნა“.
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის დატოვებისას გააფრთხილა, რომ მისი ხელმძღვანელობით საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და პირდაპირ სვეტიცხოველში წავიდა სალოცავად.
„დასავლელი ლიდერების მოწვევით ვგეგმავ ოფიციალურ საგარეო ვიზიტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ჯიუტად ამბობს, რომ სწორედ ის რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
სხვათა შორის, მან უკვე მიიღო ერთი მიწვევა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა „საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიპატიჟა.
ამ ამბავს აღტკინებით შეხვდა ოპოზიცია და მიუთითებდა, თუ ვის აღიარებს დასავლეთი და აშშ. თავის მხრივ პროსამთავრობო ტელეარხები („იმედი“ და „პოსტვ“) მაშინვე დააეჭვნენ, რომ ჯო უილსონი ქართველი მულტიმილიონერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისგან იღებს ფულს სასურველი განცხადებების გაკეთებისთვის.
ჯო უილსონი:
„აბსოლუტური სიცრუეა. რომ ვიღებდე ანაზღაურებას, ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩემს ფინანსურ ანგარიშგებებში – და იქ არაფერია. ჩემი სიყვარული და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ სრულიად გულწრფელია და ამას ჩემი თბილისში ვიზიტებიც ადასტურებს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი – ეს არ არის სიმართლე. მე არ მჭირდება ანაზღაურება თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სასახლე ერთადერთია, რასაც დაუთმობს ხელისუფლებას, სხვა მხრივ კი მისი მიზანი წინააღმდეგობის გაგრძელებაა.
რამაზ საყვარელიძე:
„ზურაბიშვილი არ არის გამოწრთობილი პოლიტიკური ძალების შექმნაში. იპოდრომზე რომ ხალხი შეკრიბა, ვერ აკრიბა მერე ძლიერი გუნდი. შესაძლოა ფიქრობდეს ამაზე, მაგრამ არა მგონია, რომ მოახერხოს. ეს ცალკე ნიჭია და გამოცდილება. ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ ალბათ უფრო უცხოეთში და არა აქ პოლიტიკური გუნდის შექმნისთვის. ოპოზიციონერი იქნება, მაგრამ უფრო უცხოეთში და არა აქ.
არაპრეზიდენტი სალომე სხვანაირად, კონკურენტად აღიქმება, ახლა უკვე იმავე სიმაღლის ფიგურა გახდა, როგორც სხვები არიან. პოლიტიკოსები კი ერთმანეთს იოლად არ ეგუებიან“.
მამუკა არეშიძე:
„ზურაბიშვილს აქვს შანსი, რომ ახალ პლატფორმას ჩაუდგეს სათავეში. მართალი გითხრათ, არა მგონია ოპოზიციურ პარტიებს არაპრეზიდენტი ზურაბიშვილი სჭირდებოდეთ. პოლიტიკური ელიტა არ არის ორიენტირებული ერთ გუნდად ჩამოყალიბდეს.
არავინ არ ახსენებს, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა. ამის ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს. მთავარი მაინც მგონია, რომ ის იქნებოდა კონკურენტი. სალომე გათვლიდა, რომ მაინც ვერ გამოვიდოდა, მაგრამ ქულებს მოიპოვებდა სააკაშვილის მხარდამჭერებში, თუმცა მაინც არ გადადგა ეს ნაბიჯი. ყოველგვარი კონკურენციის მომენტი უნდოდა გამოერიცხა. მე ასე მგონია.
გავიხსენებ ერთ ეპიზოდს პარტიის შექმნისას. სალომე არ არის ამის ადამიანი. 300 ათასი კაცი შეკრიბა ერთ დაძახებაზე, ქაჯები მოდიანო. მერე აღარ გადადგა შესაბიმისი ნაბიჯები, ვერ არა, არ გადადგა და ჩაიშალა. ვერ ვატყობდი, რომ სურვილი ჰქონოდა ეს რთული პროცესი ემუშავებინა.
დასავლეთთან კი ბატონო, ბევრად მეტი, საინტერესო და მნიშვნელოვანი კავშირები ჰქონია, ამის დამყარების უნარი აქვს. გაითვალისწინეთ მისი ბიოგრაფია, ის არ არის ჩვეულებრივი ფრანგი დიპლომატი, სხვა ტიპის კონტაქტები აქვს და ახლაც გამოჩნდა, რომ ბრწყინვალედ იყენებს, თითქმის ყველა კარი შეაღო, რაც სჭირდებოდა.
საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ის შეიძლება გამოჩნდეს როგორც ლიდერი თუ მოინდომა და არ დაიზარა, მაგრამ ოპოზიციისთვის აღარ იქნება იმ დონის ფიგურა“.
ეკონომიკა პოლიტიკაში
მამუკა არეშიძე:
„ადამიანებს პრეტენზია რომ აქვთ, კი ბატონო ჰქონდეთ, მაგრამ ასევე უნდა იფიქრონ რა ხდება გარშემო. ამჟამად გაცხოველებული მომზადება მიდის იმ სავაჭრო გზების ასამუშავებლად, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. პრაქტიკულად ჩვენი კრიზისით ვართ დაკავებული და გარშემო რა ხდება ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგრამ ერთ დღესაც ეს დაპირისპირებული მხარეები აქ დაიწყებენ საქმის გარჩევას.
მაგალითად, ინდოეთმა იჯარით აიღო ირანის პორტი მრავალი წლით, ჩინეთმა და ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა რკინიგზაზე გააფორმეს შეთანხმება და შუა დერეფანს უნდა შეუერთდნენ, მოკლედ, ბევრი რამეა.
ერთგული მოკავშირეებიც კი ერთმანეთს ებრძვიან, მაგალითად ჩინეთი და რუსეთი, თუ როგორ გადაკვეთს ეს გზები. და რაც მთავარია: ვინ არის მაკონტროლებელი? აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მე როგორც ვხედავ ამ გზების მაკოტროლებლად აშშ სერიოზულად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, გარკვეული პერსპექტივა ჩანს, რაც არ უნდა ილაპარაკონ უილსონმა თუ სხვებმა“.
აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკურ ასპექტსაც შეეხო:
„ჩვენ მოგვიწევს ჩინეთთან კონკურენციაც. ჩინეთი საქართველოში აწარმოებს პროექტებს, რაშიც არაკონონიერი არაფერია, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს კონკურენცია. დარწმუნებული ვარ, აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ იმაზე უკეთესი პირობები შეთავაზონ, ვიდრე ის დავალიანების მახეა, რაც ჩინეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოყვება ხოლმე. რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის აუცილებლობა. ეს იქნებოდა მოგებიანი საქართველოსთვის შავ ზღვაში ვაჭრობისთვის და რეგიონში არსებული ქვეყნებისთვისაც. ეს კი უკანასკნელი რამაა, რაც რუსეთს სურს“.
საქართველოს მოუწევს არჩევანის გაკეთება: რას ამბობენ გარედან
აშშ-ში, 119-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტი“. რამდენიმე დღეში კი პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“.
ვაშინგტონში ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ და ამბობენ, რომ ამით გამოჩნდა, რომ ის ხელშეუხებელი არაა. საქართველოს დასავლელი მეგობრები კი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ერთიანდებიან და ამბობენ, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას მათ პასუხისმგებლობას პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება“, – დაწერეს გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში.
„ვნახეთ, რომ პუტინს ხელი მოეცარა მოლდოვასა და რუმინეთში, ახლა უკვე სირიაშიც. რუსეთის გლობალური წარუმატებლობების სია თანდათან იზრდება… სამწუხაროდ, მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან” გამოუვიდა და მიაღწია წარმატებას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას „მეგობარი აქტის“ ავტორი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
ბენ ჰოჯესი:
„აშშ-მა ვერ შეძლო შავი ზღვის რეგიონის მიმართ ნათელი სტრატეგია ჰქონოდა. ახლა მაქვს განცდა, რომ საკმარისი არ გავაკეთეთ. ჩვენმა ქვეყანამ არ იფიქრა სტრატეგიულად საქართველოზე და რამაც რუსეთს და კრემლისადმი სიმპატიით თუ მათი გავლენის ქვეშ მყოფებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება მისცა. ახლა ქართველი ხალხის მთავარი საფრთხე მათი ხელისუფლებიდან მოდის, რომელსაც არ სურს დემოკრატიული რეფორმების გატარება, ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც უნდა, რათა შეაჩეროს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ.
ტრამპის ადმინისტრაციისგან გვესმის განცხადებები გრენლანდიაზე, კანადაზე, პანამაზე და მსგავს თემებზე. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებული.
საქართველო უმნიშვნელოვანესია ყველა ჩვენგანისთვის. თუ არ იარსებებს ერთნაირი სტრატეგია რეგიონისადმი, შეუძლებელი იქნება შემადგენელ ქვეყნებთან საუკეთესო პოლიტიკის წარმოება“.
DGAP-ის ექსპერტ შტეფან მაისტერს აინტერესებს ივანიშვილის როლი ამ ისტორიაში და მისი ინტერესები. ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის ინტერესია „დარჩეს ღია ყველა მიმართულებით და მოახერხოს ვაჭრობა ყველასთან, გახდეს ერთგვარი ჰაბი, ისარგებლოს ეკონომიკური უპირატესობებით, როგორც რუსეთთან, ასევე ევროპასთან, ოღონდ ისე, რომ ევროკავშირმა საქართველოს არაფერი დაუწესოს“.
მისი თქმით, სირთულეს წარმოადგენს მწვავე კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც შეუძლებელს ხდის ამ ორი პოლუსიდან თანაბარ მანძილზე დგომა „ამა თუ იმ ფორმით”, მიაჩნია მაისტერს:
„საქართველოს მოუწევს არჩევანის გაკეთება, და თუ ამას არ გააკეთებს, ქვეყანა ორივე მხრიდან წნეხში აღმოჩნდება”.
ველოდებით ტრამპს, და იმას, თეთრი სახლის რომელი ფანჯრიდან გამოიხედება!..
მანამდე კი რუსთაველზე პროტესტი, იმედი, ევროპა გრძელდება!..
სად გადაწყდება საქართველოს ბედი?!
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე
newyorker
cnn
სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-გვერდი
france24