სად გადის ზღვარი სურვილსა და პასუხისმგებლობას შორის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ისაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია ბალანსი სურვილსა და პასუხისმგებლობას შორის?
დღეს ძალიან ხშირად გვესმის ფრაზა: „გააკეთე რაც გინდა, ცხოვრება ხანმოკლეა!“ – თითქოს ეს არის ბედნიერების გასაღები. მაგრამ თუ ასეა, რატომ არის მაინც ასე ბევრი ადამიანი გადაღლილი, უკმაყოფილო ან დაკარგული საკუთარ სურვილებსა და ვალდებულებებს შორის?ჩვენს კულტურაში თითქოს ორი ბანაკი შეიქმნა: ერთი ამბობს – „უნდა იცხოვრო სურვილებით!“ მეორე კი – „უპირველესად მოვალეობები, მხოლოდ შემდეგ – განცხრომა!“ სინამდვილეში კი ბედნიერებას არც ერთ უკიდურესობაში არ უდევს ბინა.
„მინდა“ – ეს არის ემოციის იმპულსი, თუმცა არა ყოველთვის – მიმართულება. „მინდა“ არის შინაგანი იმპულსი – საწვავი, რომელიც გვამოძრავებს. მაგრამ არა ყოველთვის სწორი მიმართულებით. სურვილები ცვალებადია: რაც დღეს გვინდა, ხვალ შეიძლება აღარ გვინდოდეს. თუ მხოლოდ „მინდა“-ზე დავაშენებთ ცხოვრებას, დავრჩებით იმპულსების ტყვეებად.
ფსიქოლოგიაში ამას „ჰედონისტურ ბორბალს/სარბენ ბილიკს“ (hedonic treadmill) უწოდებენ – როცა მუდმივად ვეძებთ სიამოვნებას, მაგრამ რაც უფრო ბევრს ვიღებთ, მით უფრო ნაკლებად გვაკმაყოფილებს. ვგრძნობთ თითქოს მივდივართ წინ, მაგრამ სინამდვილეში ვტრიალებთ იმავე წრეზე – ახალი სურვილებით, მაგრამ იმავე სიცარიელით.
ჯიმ კერი ამბობს: „მინდა ყველა გახდეს მდიდარი და ცნობილი, რათა მიხვდნენ, რომ ეს ის არ არის, რაც უნდოდათ.“ ადამიანმა, რომელმაც მიაღწია ყველაფერს, მიხვდა, რომ ბედნიერება მიღწევაში კი არა, შინაგან ბალანსშია.
მაიკლ ფელპსი, ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიური ჩემპიონი, 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა: „ვფიქრობდი, რომ როცა ყველაფერს მოვიგებდი, საბოლოოდ ბედნიერი ვიქნებოდი. მაგრამ არაფერი შეიცვალა.“ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ მიზანს მიაღწიე, მაგრამ ემოციურად ისევ იქ ხარ, სადაც იყავი.
ან ახალი ნივთის ეფექტი – ჩვენ ყველამ ვიცით ის შეგრძნება, როცა ახალი ტელეფონი, მანქანა ან ბინა გვახარებს მხოლოდ რამდენიმე კვირით. მერე სიხარული ქრება, და გვჭირდება ახალი მიზანი, ახალი სტიმული. ასე ტრიალებს ბორბალი – თითქოს წინ მივდივართ, მაგრამ ისევ იქ ვბრუნდებით.
რა იგულისხმება „უნდაში“?
„უნდა“ – ეს არის სტრუქტურა და სტაბილურობა, მაგრამ ზოგჯერ – მძიმე ტვირთი. „უნდას“ მეორე მხარე სოციალური წესები, მოვალეობები და პასუხისმგებლობაა. ის გვაძლევს წესრიგს, წარმატების შანსს. მაგრამ როცა მხოლოდ „უნდა“-თი ვცხოვრობთ, ჩნდება გადაღლა, ავტომატიზმი, შინაგანი წინააღმდეგობა. ადამიანი იწყებს საკუთარი სურვილების ჩახშობას და ნელ-ნელა კარგავს ენერგიას, ინტერესს და თვითგანვითარების მოტივს.

სად გადის ზღვარი სურვილსა და პასუხისმგებლობას შორის?
ამ ზღვარს ჰქვია თვითრეგულაცია – უნარი, ვიცოდეთ როდის მივყვეთ სურვილს და როდის მოვითმინოთ. თვითრეგულაცია არ ნიშნავს საკუთარ თავზე ძალადობას, ის ნიშნავს გააზრებულ არჩევანს.ის კუნთს ჰგავს, რომელიც ყოველდღიური პრაქტიკით ძლიერდება.
როცა დილით ვდგებით, მიუხედავად იმისა, რომ „არ გვინდა“; როცა ვასრულებთ აუცილებელ საქმეს იმისათვის, რომ მოგვიანებით მეტი თავისუფლება გვქონდეს; როცა ვსწავლობთ სურვილების გადავადებას – არა უარყოფის, არამედ ცხოვრების მართვის მიზნით სწორედ მაშინ ვხვდებით ბალანსს „მინდა“-სა და „უნდა“-ს შორის.
შესაძლოა საუკეთესო პასუხი არც „მინდა“-შია და არც „უნდა“-ში, არამედ იქ, სადაც ეს ორი ერთმანეთს ხვდება, როცა ვპოულობთ სიამოვნებას და აზრს იმ საქმეში, რაც საჭიროა. აი, ეს არის ნამდვილი მოტივაცია: არა იძულება, არამედ გააზრებული მოქმედება.
მაშინ რა არის ბედნიერება?
ბედნიერება არ არის მხოლოდ სურვილების დაკმაყოფილება – ის არის შინაგანი თანხმობა საკუთარ გადაწყვეტილებებთან. როცა პასუხისმგებლობა აღარ გვთრგუნავს, არამედ გვაძლიერებს, როცა არჩევანი აღარ გვაშინებს, არამედ გვძენს თავდაჯერებას – აი მაშინ ვხდებით ნამდვილად თავისუფლები.

სად იწყება ბალანსის სწავლა?
ეს ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. როცა ბავშვებს მხოლოდ წესრიგს ვასწავლით და ვუკრძალავთ, რომ „ზედმეტად რამე ინატრონ“, მათ ვუკლავთ შინაგან მოტივაციას. ხოლო როცა ვეუბნებით, რომ მხოლოდ სურვილებს უნდა მიჰყვნენ, ვართმევთ პასუხისმგებლობის გრძნობას.
აღზრდის ამოცანაა, შეასწავლოს ბავშვს არა მხოლოდ ის, რა უნდა, არამედ რატომ უნდა; არა მხოლოდ როგორ იოცნებოს, არამედ როგორ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ოცნებებზე. ასევე – ჩვენს შრომით კულტურაშიც – სადაც ხშირია „უნდა“ და იშვიათად ისმის „მინდა“ – გვჭირდება სივრცე, სადაც პროფესიული მოვალეობა და პირადი ღირებულების/დანიშნულების განცდა ერთმანეთს ერწყმის. ადამიანი გაცილებით პროდუქტიულია, როცა მის შრომას აზრი აქვს პირადად მისთვის.ასე რომ, თავისუფლება არჩევანშია, ნამდვილად თავისუფალი კი ის არის, ვინც იცის, როდის თქვას „დიახ“ საკუთარ სურვილებზე და როდის – „მერე“. ბედნიერება იწყება იქ, სადაც პასუხისმგებლობა აღარ არის ტვირთი, არამედ – შინაგანი თანხმობა, სურვილი კი არის არა იმპულსი, არამედ მიმართულება. შეიძლება ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ სწორედ ამიტომ ღირს ვიცხოვროთ არა მხოლოდ იმით, რაც გვინდა, არამედ იმითაც, რაც გვიღირს რომ გვინდოდეს.