ზამთრის ბოლო თვე, თებერვალი ყოველთვის მძიმეა და ნელა გადის. ამ პერიოდში ძალა უკვე გამოცლილი გაქვს, სხეულს სითბო სჭირდება და ახალი თავგადასავლებისთვის ხარ განწყობილი.
რუსულმა სამოგზაურო ვებგვერდმა momondo.ru-მ ის რამდენიმე ადგილი გამოყო, სადაც გამგზავრება თებერვალში განსაკუთრებით კარგია ენერგიის აღსადგენად და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად.
Top 5 მიმართულება, სადაც ზამთრის დასასრულს გამგზავრებას გვირჩევენ, შემდეგია:
1. ბაიკალის ტბა – რუსეთი
ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე, ქედებით გარშემორტყმულ ღრმა ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც წარმოიქმნა და წყლით ამოივსო პალეოგენის ბოლოსა და ქვედა ნეოგენში. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი) ბაიკალი იყინება.
ტბა და ირგვლივ მდებარე სანაპირო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ენდემურია. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი. ადგილობრივები და საერთოდ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს.
2. სათხილამურო კურორტი ბანსკო, ბულგარეთი
უმშვენიერესი ქალაქი მთაში, მდებარეობს სამხრეთ ბულგარეთის ყველაზე ლამაზ ადგილას -პირინის მთის ფერდობზე,რომელიც შესულია unesco-ს ბუნებრივი მეკვიდრეობის სიაში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალაქი თანამედროვე ზამთრის კურორტად გადაიქცა და გახდა საყვარელი დასასვენებელი ადგილი, როგორც თვით ბულგარელებისთვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებისთვის.
ბანსკო ცნობილია თავისი ახალი და კარგად ორგანიზირებული სამთო-სათხილამურო ცენტრით,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 936 მეტრ სიმაღლეზე. მისი უმაღლესი წერტილია-2.600 მეტრი, ყველაზე დაბალი კი -990 მ. ეს არის უდავოდ ბულგარეთის და მთელი ბალკანეთის ყველაზე თანამედროვე სათხილამურო ცენტრი. ბანსკო აშენებულია ავსტრიელი სპეციალისტების მიერ, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
3. კანკუნის სანაპირო, მექსიკა
კანკუნი, კარიბის ზღვის სანაპიროებს შორის მართლაც რომ მექსიკის ერთ–ერთი მშვენებაა. ის მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე, იუკატანის სრუტის ნაპირზე. მოსახლეობა შეადგენს 572 973 ადამიანი 2005 წლის მონაცემებით. ქალაქში ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მეორეა ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის მიხედვით. 1970 წლიდან პატარა თევზსაჭერი პროვინცია კანკუნი გარდაქმნეს საკურორტო ქალაქად. კურორტი მდებარეობს ქვიშიან სანაპიროზე, რომელიც წააგავს რიცხვს 7–ს, მისი სიგანე 400 მ–ია და სიგრძით 30 კმ. კუნძულზე კლიმატი ტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურა კი 30-32 გრადუსი.
4. შრი-ლანკა
ტროპიკული კუნძული-ქვეყანაა ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახ. 31 კმ-ში. სტრატეგიული პოზიცია უჭირავს ინდოეთის ოკეანეში სავაჭრო გზებზე შორეულ აღმოსავლეთსა, აფრიკასა და ევროპას შორის. დედაქალაქია შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე.
შრი-ლანკა ტროპიკული და განსაკუთრებულად მრავალფეროვანი კუნძულია. მას შეუძლია შემოგთავაზოთ ყველაფერი: ქვიშიანი სანაპირო, ბუდისტური შენობები, ჩაის პლანტაციები, გამწვანებული მთები, ველური ბუნება. შრი-ლანკაზე მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო დეკემბერი-მარტის და აპრილი-სექტემბრის შუალედია.
5. სინგაპური
სინგაპური – ეს არის ქალაქ-სახელმწიფო, სადაც ტრადიციები და თანამედროვეობა, დასავლეთი და აღმოსავლეთი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ის გამოირჩევა მკაფიო ფერებითა და გასაოცარი კონტრასტებით. სინგაპურში თავმოყრილია ხვადასხვა სტილის კულტურათა შეწრყმა, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზი. თანამედროვე ცათამბჯენები ჰარმონიულად ესადაგება ძველებურ ეთნიკურ რაიონებს, ბუდისტური ტაძრები და მეჩეთები მშვიდობიანად მეზობლობენ ქრსიტიანულ ეკლესიებთან. სინგაპური გამოირჩევა მდიდრული ბუნებით, მრავალრიცხოვანი ზღვის სანაპიროებით, ხშირი ტყეებითა და ულამაზესი მთებით.