LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადგერი-პატარა სამოთხე ბორჯომის მუნიციპალიტეტში

308
სადგერი

საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს იპოვით შესაბამის გარემოს და ოთხივე სეზონის შეგრძნებას სრულად შეძლებთ. გარდა პოპულარული ლოკაციებისა, რომელთაც დამსვენებლები და ტურისტები ხშირად სტუმრობენ,თავგადასავლებისა და ლაშქრობების მოყვარულები კიდევ უფრო ბევრ ჯადოსნურ ადგილსა და სანახაობას აღმოაჩენენ. დღეს გადაცემა „ბონ ვოიაჟის“ ტურით ცნობილ კურორტ ბორჯომს მცირედით გავცდეთ და ერთ დროს არც თუ ისე პოპულარული სოფლის შესახებ გიამბობთ,სადაც თუნდაც ერთი დღის გატარება სულიერი სიმშვიდისა და საოცარი ბუნების წიაღში განტვირთვის გარანტიაა.

მაშინ როდესაც ქალაქ ბორჯომის ხალხმრავალი გარემო აღარ გაკმაყოფილებთ და მეტი შთაბეჭდილებები და სიწყნარე გჭირდებათ ეს პატარა სამოთხე თქვენთვისაა. ბორჯომიდან 7 კილომეტრის მანძილზე სოფელი სადგერი გელით.

სოფლის მიღმა ძველ დროს მხოლოდ საძოვრებად გამოყენებული ზღაპრული სივრცე დღეს ჯადოსნური კოტეჯებისა და გარემოს ადგილსამყოფელია. მნიშვნელოვანია, რომ ლოკაციამდე მისასვლელი გზა ბოლომდე მოწესრიგებულია და ნებისმიერი ტრანსპორტით მარტივად ახვალთ.სადგერი მდინარე ბორჯომულის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და ასავლელი ქალაქის მთავარი პარკის მხრიდან აუყვება მედიდურ ხეობას შორის.

ზამთარში თოვლის,შემოდგომაზე ფერადი ფოთოლცვენის,ხოლო გაზაფხულ-ზაფხულზე კი მწვანე ზღაპრული ხეივნის გავლის შემდეგ ჯადოსნური სივრცე იშლება ხეობის შუაგულში სადაც ულამაზესი კოტეჯები სოკოებივითაა ამოზრდილი და დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ. თითქმის ყველა მათგანს აქვს გასართობად მოწყობილი გარე სივრცე სადაც მარტო თუ მეგობრებთან ერთად ამ სანახაობით გარემოცული ცხოვრების კიდევ ერთ ფერად მოგონებას შექმნით.

ხეობაში ულამაზესი ჩანჩქერია,სადაც მისვლა ფეხითაც მარტივადაა შესაძლებელი და მე სწორედ ამას გირჩევდით გარემოს მეტად შესაგრძნობად,თუმცა ადგილობრივები კვადროციკლით ბუნებაში გასეირნებასაც გთავაზობენ.

აქვეა XV საუკუნის ძეგლი სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარის მაღალ ნაპირზე. ტაძრის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია.

კარვებში ღამის გათენების მსურველთათვის შესაბამისი ადგილებიც მრავლადაა,რაც შეეხება კოტეჯებს მათ ნამდვილად ნებისმიერი გემოვნებისთვის ნახავთ როგორც ზომის,ასევე კომფორტის მიხედვით,ხედი კი ნამდვილად ყველა მათგანს შეუდარებელი აქვს რადგან სადგერი შუაგულ ხევია ნაძვნარით დაფარულ მთებს შორის. აქვე გაითვალისწინეთ,რომ სოფელში მხოლოდ ერთი პატარა მაღაზიაა ძირითადი პროდუქტების შესაძენად,თუმცა ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს,რადგან ქალაქი ბორჯომი მანქანით სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა.

 

მოკლედ სანახაობები,ისტორია ხედები და ზაფხულობით ფოტოსესიისთვის ყვავილების მდელოები თქვენს განკარგულებაშია. ფერადი მინდვრის ყვავილების ველები ყოველ ნაბიჯზეა და თქვენს მხედველობას ნამდვილად არ გამორჩება.

https://fb.watch/k_JOPpN-Nm/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები