LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საეჭვოა, ამ მასშტაბის გადაწყვეტილება ქვედა რგოლს მიეღო – გამოხმაურებები ფოთის პორტზე

183
porti

ახალი ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს გაუქმებულია. ეკონომიკის მინისტრმა დღეს თქვა, რომ გაცემული ნებართვის შესახებ მთავრობა საქმის კურსში არ იყო და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

განსხვავებული განცხადება ჰქონდა გამოქვეყნებული თავად ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ბრძანება ეკონომიკის სამინისტრომ გასცა. მას შემდეგ რაც მინისტრმა განცხადება გააკეთა, ფოთის მერიის პრესსამსახურში „ფორტუნას“ განუმარტეს, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩასწორდა და მიუთითეს, რომ ბრძანება სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იყო გაცმული.

„ეს არის სამინისტროს სსიპ – ვისგანაც იყო გაცემული ნებართვა, კონკრეტულად კაკაურიძე. ჩვენი ინფორმაცია შეცვლილი არ არის, უბრალოდ, სრულად არის ახლა ეს სახელწოდება სსპის, მხოლოდ სამინისტრო ეწერა. ნამდვილად არ იყო მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სსიპის ხელმძღვანელის საფუძველზე იყო“, – განმარტეს პრესსამსახურში.

 

კომიკური და მძიმე ვითარება

კომიკურად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას საექსპერტო წრეებში. როგორც „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, საეჭვოა ის, რომ ამ მასშტაბის გადაწყვეტილება ქვედა რგოლის დონეზე ყოფილიყო მიღებული.

„ცოტა ეჭვს აჩენს ის, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის დონეზე ყოფილიყო ამ მასშტაბის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ანაკლიის პროექტს შეუქმნიდა საფრთხეს და შესაძლოა, იმოქმედა იმ ხმაურმა, რაც გუშინ საღამოს ანაკლიის კონსორციუმმა ატეხა, სავარაუდოდ, კითხვის ნიშნები გაჩნდებოდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდანაც, რომლებიც ფაქტობრივად მზად არიან დააფინანსონ ეს პროექტი“, – აღნიშნავს კეპულაძე.

თუმცა, ასევე წარმოუდგენელია მთავრობას არ სცდონოდა რა შედეგებს გამოიწვევდა ფოთში გაცემული ნებართვა. გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კარგად უნდა ხვდებოდნენ, რა პოლიტიკური ფასი აქვს ანაკლიის პროექტს და რა ძვირი შეიძლება დაუჯდეთ პოლიტიკურად ანაკლიის პროექტის გაჩერება.

„შესაძლოა მართლაც იყო კომუნიკაციის პრობლემა და ამ შემთხვევაში საინტერესოა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებას ან ნეპოტიზმს, ეს არის გასარკვევი. ეს არის მიწათსარგებლობის ნებართვა, რაც ფოთში გაიცა და გარკვეული დარღვევებიც აღმოჩნდა. ცოტა უფრო მაღალი თანამდებობის პირებიც საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ გიორგი კეპულაძე.

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტი უკვე დააზიანა და უკან დახია. ახვლედიანი ამბობს, რომ ამ ფაქტმა გამოიწვია ინვესტორების და ბანკების შეშფოთება და ეჭვქვეშ დადგა ნდობის საკითხი.

„გუშინ გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას, იყვნენ შოკირებული. მთავრობამ უნდა იღონოს ყველაფერი, რომ ჩვენ ბანკებთან და საკვანძო მოთამაშეებთან მაქსიმალურად გაარკვიონ, რომ ეს იყო შეცდომა და აღადგინონ ურთიერთობა“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა. თუმცა, აქვე ახვლედიანი იმასაც დასძენს, რომ ანაკლიის პროექტის შეფერხება კონკრეტული ძალებს ინტერესებშია, მათი ნაწილი კი ხელისუფლებაშია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არ სჯერათ, რომ ნებართვის შესახებ მთავრობამ არაფერი იცოდა.

 

საამაყო არაფერია, მაგრამ გაზვიადება არ შეიძლება – განმარტებები საპარლამენტო უმრავლესობიდან

“ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა” – ეს განცხადება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გააკეთა.

რომან კოკულია აცხადებს, რომ რეალობა დაშვებული არასასურველი შეცდომაა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოხდა. ცხადია, ამაში საამაყო არაფერია, მაგრამ გაზვიადებაც არ შეიძლება“, – ამბობს კაკულია და დასძნეს, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

 

 

 მთავრობამ უკან დაიხია – ოპოზიცია

„ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება, ამას მოყვებოდა ძალიან დიდი და საერთაშორისო რეზონანსი“, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე მთავრობის გადაწყვეტილებას.

პოლიტიკურ სპექტრში ფოთის პორტისა და ანაკლიის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რეზონანსი უკვე მოჰყვა.

“ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ ფოთის პორტზე გაცემული ნებართვის გაუქმება მდგომარეობას არ არბილებს, პირიქით, ეს ამტკიცებს, რომ არსებულმა ხელისუფლებამ „მართვა არ იცის“.

აღმაშფოთებელია საერთოდ, როგორ იქცევა მთავრობა და მისი თითოეული წარმომადგენელი საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თამაში ხომ არ არის გასცე ნებართვა, საზოგადოება რომ აღშფოთდება, მერე წაართვა,“– ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

“ნაციონალურ მოძრაობაშიც” წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტის შესახებ არაფერი სცოდნოდა ეკონომიკის მინისტრს.

„მოხსნეს უდანაშაულო ადამიანი, ვინმე კაკაურიძე, ჯოხი გადატეხეს მასზე, როგორც ამბობენ, არის პროფესიონალი და წესიერი კაცი. კეთილი ინებოს, გამოცხადდეს და მოახსენოს პარლამენტს თუ რა მოხდა და რატომ არის განტევების ვაცად გადაქცეული და რატომ შეახოცეს მას ხელი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. ის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული უნდა იყოს. სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, 3000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება, რაც რამდენიმე ათეული მილიონით აღემატება ფოთის პორტის მაჩვენებელს.

 

გარეკანის ფოტოს ავტორი – ნათელა გრიგალაშვილი

 

magti 5g