LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“: სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ფარცხალაძის დაუსჯელობა ხაზს უსვამს, მის როლს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში – თანამდებობის დატოვების შემდეგ, მისი ქონება 2-დან 24 ერთეულამდე გაიზარდა

142
fot (3)

საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და ამ პროცესის შედეგად სარგებლის მიღების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა, გამდიდრება და კანონის მოთხოვნების იგნორირებაა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ დოკუმენტშია საუბარი.

ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დაუსჯელობა და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში.

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

„ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა“ – ოთარ ფარცხალაძის პირველი კომენტარი დასანქცირების შემდეგ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალში მიიღო. გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების შემდეგ კი, ფარცხალაძის ქონება 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად, 2 უძრავი ქონებიდან 24 ერთეულამდე გაიზარდა.

ორგანიზაციის დოკუმენტში ასევე განმარტებულია თუ რას მოიცავს ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება. სწორედ აღნიშნულის მიხედვით, აშშ-ში ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მისი წილები დაყადაღებულია.

ყოფილ გერენალურ პრკურორს ასევე აკრძალული აქვს აშშ-ში ნებისმიერი ტრანზაქცია. შეზღუდვები მოიცავს სანქცირებული პირების მიერ შენატანების, ფულის, ნივთების ან მომსახურების გაცემას ან მათგან ასეთი ტრანზაქციების მიღებას. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ სანქცირებულ პირებს ასევე ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

„2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-მ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი, 2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა.

ჩვენს მიმოხილვაში მოცემულია ცნობები, ვინ არის სახელმწიფო მიტაცებაში მონაწილე ოთარ ფარცხალაძე, როგორ მდიდრდებოდა ის, რა გახდა მისი სანქცირების მიზეზი, რა კავშირები აქვს რუსეთსა და საქართველოში და რა სავარაუდო სასჯელები დაეკისრებოდა მას სამართალდამცავებისგან ხელშეუხებლობის იმუნიტეტით რომ არ სარგებლობდეს.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის ნოემბრიდან იმავე წლის დეკემბრამდე იყო. იგი იძულებული გახდა თანამდებობა მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც გერმანიაში მისი ნასამართლეობის ფაქტი გამჟღავნდა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, ფარცხალაძის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა; 2013 წელს მისი ოჯახი თუ 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წელს მისი ქონება 24 ერთეულამდე გაიზარდა.

2017 წელს, ოთარ ფარცხალაძე ბრალდებული იყო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე. თორდიას განმარტებით, თავდასხმა უკავშირდებოდა აუდიტის სამსახურის კვლევას, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. საბოლოოდ, 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გაამართლა. ცემის შემდეგ, მალევე თორდიას ქვეყნის დატოვება მოუწია და 2022 წლის სექტემბერში აშშ-მ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

2018 წლის სექტემბერში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ცემა. თუმცა, მოგვიანებით, ლევან ყიფიანმა სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა არ დაადასტურა.

ოთარ ფარცხალაძე ასევე ფიგურირებდა ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან სავარაუდო გაყვანის საქმეში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა გამოძიებული ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის მალულად გაიყვანეს საკნიდან და შეახვედრეს მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ზეწოლის გზით შეეცადნენ მისგან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაიწყო, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია.

ოთარ ფარცხალაძეს მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილის თქმითვე, ოთარ ფარცხალაძე მისი შვილის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია – ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა ოთარ ფარცხალაძეზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძე არის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და ძალაუფლების მიტაცების ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესების ლობირებას ეწევა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კუთხით.

2023 წლის 14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.

დოკუმენტის თანახმად, სადაც საქართველოსთვის ცალკე თავია მიძღვნილი – „საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის საპასუხოდ”, FSB და მისი ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენაში იყენებენ”. ონიშჩენკო, რომელიც ასევე დასანქცირდა, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. თანამშრომლობის შედეგად, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო. ოთარ ფარცხალაძესთან ერთად დასანქცირდა მისი ორი რუსული საკონსულტაციო კომპანია (შპს „მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯი” და შპს „საერთაშორისო ბიზნესის კორპორაცია”), სადაც ის 50%-იან წილს ფლობს.

სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია.

დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც 50%-ით, ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია.

აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია აშშ-ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული.

შეზღუდვები მოიცავს სანქცირებული პირების მიერ შენატანების, ფულის, ნივთების ან მომსახურების გაცემას ან მათგან ასეთი ტრანზაქციების მიღებას.

სანქცირებულ პირებს ასევე ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

ოთარ ფარცხალაძის რუსული მოქალაქეობის შესახებ პირველად ცნობილი გახდა ტელეკომპანია “პირველის” 2023 წლის თებერვლის გამოძიებით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეობის მიღების შემდეგ 2 წლის განმავლობაში მან რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა, კერძოდ:

მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკის რაიონის სოფელ პოზდნიაკოვოში არსებულ ლიპკას მდიდრულ დასახლებაში მდებარე 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 1480 კვ.მ. და მასზე მშენებარე 472.1 კვ.მ ფართობის საზაფხულო სახლი. სამივე უძრავი ქონება ოთარ ფარცხალაძის სახელზე 2021 წლის 5 დეკემბერს დარეგისტრირდა.

ასევე, 2022 წელს მან რუსეთში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა 2021 წელს გამოშვებული 2 ძვირადღირებული ავტომობილი: Toyota Land Cruiser 150 (7 აპრილს) და Toyota Land Cruiser 300 (22 დეკემბერს).

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ოთარ ფარცხალაძის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა არაერთ საქმეზე უნდა დამდგარიყო. მართალია ამ საქმეების ნაწილზე გამოძიება დაიწყო და სხვადასხვა ფორმით გაგრძელდა, თუმცა დღემდე, არცერთ მათგანს ეფექტიანი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

ლევან ყიფიანის გატაცების და მასზე ფიზიკური თავდასხმის საქმე – აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. ამ საქმეში სულ ცოტა სისხლის სამართლის 2 დანაშაული იკვეთება. კერძოდ: მუხლი 143 – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც ითვალისწინებს პატიმრობას ორიდან ოთხ წლამდე და მუხლი 181 – გამოძალვა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ფარცხალაძემ სკოლა 15 წლის ასაკში, ხოლო უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში დაამთავრა. ამასთან მან საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს ჩააბარა და 1995 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი არ არსებობდა და ის 1992 წლის 2 ივნისს განათლების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეიქმნა. ყალბი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი – აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს და რომლის მაქსიმალური სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში, ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც რიგითი ცემის, ან ძალადობის შემთხვევა. მნიშვნელოვანი იყო, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია ისეთი ნიშნების შემცველი ყოფილიყო, რაც მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირში. სისხლის სამართლის კოდექსის 3531​ მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-იდან 7 წლამდე.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი – აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 – თვიდან 2-წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ეპიზოდი – სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლად ფუნქციონირების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე საქმე სულ ცოტა 319-ე მუხლით უნდა აღიძრას, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

სახელმწიფოს მიტაცება კორუფციის უმძიმესი ფორმაა, როდესაც კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების ან კონკრეტული სფეროს მიტაცებას და ამით ცალსახად ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და ამ პროცესის შედეგად სარგებლის მიღების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია სწორედ ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა, გამდიდრება და კანონის მოთხოვნების იგნორირება. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დაუსჯელობა და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში. მართლმსაჯულების სისტემის მიტაცების გარეშე, ამ ოდენობისა და სიმძიმის სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სამართალდამცავთა უმოქმედობა შეუძლებელი იქნებოდა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g