LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სწავლება არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული – მამუკა ბახტაძე

105

„ჩვენთვის, ქართველებისთვის ​ მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის, თავდადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ და ეს საერთაშორისო სწავლებაც სწორედ ამ სახელს ატარებს,“ – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სწავლება ,,ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება.

სწავლებაში, რომელიც ვაზიანში დღეს გაიხსნა, ნატო-ს წევრი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების 3004 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

პრემიერის განცხადებით, სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ მთელ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება.

„ეს საერთაშორისო სწავლება არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იგი მხოლოდ და მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ერის ინტერესშია. სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია, მასში შედიან საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი და უკრაინა. სწავლება სასარგებლოა ყველა მონაწილე ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის. ყალიბდება ურთიერთნდობა სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის და საფუძველი ეყრება თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს სწავლება იქნება მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნისა და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი, ჩვენს ქვეყანას კი მეტ მშვიდობას, მეტ უსაფრთხოებას, მეტ სტაბილურობასა და საერთაშორისო ჩართულობას მოუტანს,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g