პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო წვრთნების – “მტკიცე სულის” და “ღირსეული პარტნიორის” ჩატარების უწყვეტობა, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit-2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწავლებაში მონაწილეობით, კიდევ უფრო დაიხვეწა უნარ-ჩვევები, გაძლიერდა მზადყოფნის დონე და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.
ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ კარდენს თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
“მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ჩვენს მეგობარს, ბატონ გენერალ-მაიორ კარდენს ჩამობრძანებისთვის და ჩვენი თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენი ჯარის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესში მიუძღვის.
ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ამ მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობით, თქვენ კიდევ უფრო დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები, გააძლიერეთ მზადყოფნის დონე და ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ჯამში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.
კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას გიხდით სწავლებაში მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებას თქვენი მიზნების მიღწევაში. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.” – თქვა პრემიერმა.