საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, საფრანგეთი არ აღიარებს კატალონიის დამოუკიდებლობას და ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, რეგიონს ევროკავშირიდან გარიცხვა ემუქრება. ამის შესახებ ევროპის საქმეებში საფრანგეთის მინისტრმა, ნატალი ლუაზომ, განაცხადა.
ნატალი ლუაზოს თქმით, კატალონიაში შექმნილი კრიზისი ესპანეთთან დიალოგის ფარგლებში უნდა გადაიჭრას.
„თუ დამოუკიდებლობა იქნება გამოცხადებული, საფრანგეთი მას არ აღიარებს. კატალონიის დამოუკიდებლობის პირველი შესაძლო შედეგი შეიძლება იყოს რეგიონის ევროკავშირიდან გარიცხვა. რა თქმა უნდა, კატალონიამ ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოს. კრიზისი ყველა პოლიტიკურ დონეზე ესპანეთთან დიალოგის ფორმატში უნდა გადაიჭრას,“ – განაცხადა ლუაზომ ფრანგული ტელეარხი Cnews-ის ეთერში.
მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა რეფერენდუმის შედეგების რეალური ძალა და ესპანეთი, როგორც „დიადი დემოკრატია“, მოიხსენია.