საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პროტესტებში მონაწილეობის და სოციალურ მედიაში აქტიურობის გამო ისინი შეიძლება საქართველოში არ შეუშვან.
აღნიშნული მიმართვა საფრანგეთის საგარეო სამინისტროს ვებგვერდზე და საფრანგეთის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველ დღე დემონსტრაციები იმართება, ხანდახან დიდი მასშტაბის.
ეს დემონსტრაციები ხშირად დაპატიმრებებითა და სამართალდამცავების მიერ დაშლით სრულდება, კონკრეტულად პარლამენტის გარშემო, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება მძიმე ჯარიმებით ისჯებოდეს (5,000 ლარი თითო ჯარიმა, ანუ 1,600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში).
საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს. შეგახსენებთ, რომ საპოლიციო შემოწმების შემთხვევაში თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი იდენტობის დამტკიცება უნდა შეეძლოს.
საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება შეიძლება საქართველოში ცხოვრების უფლების მქონეებსაც არ მიეცეთ. მოგზაურებს მოვუწოდებთ, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე არშესვლის რისკის წინაშე შეიძლება დააყენონ, მათ შორის საქართველოში პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში მათი აქტიურობა. მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება დამოკიდებული იყოს ამ პროტესტებში თითქოსდა მონაწილეობის გამო დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდაზე”, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, საქართველოში არშეშვების რისკების შესახებ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს პოლონეთის საელჩოც. საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია არშეშვების შესაძლო მიზეზები, მათ შორის დემონსტრაციებში მონაწილეობა, ასევე სოციალურ ქსელში აქტივობა.