LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის საელჩო: „ემანუელ მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც საქართველოს ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინა“

113
საფრანგეთის საელჩო

3 ოქტომბერს, ელისეის სასახლეში, საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონმა შეხვედრაზე აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა.

უწყების ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება:

„რესპუბლიკის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მიესალმა, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ის ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, იმ პირობებს დააკვირდება ყურადღებით, რომლებშიც საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები ჩატარდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g