საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს სკოლაში გაჯეტების გამოყენება აეკრძალათ. ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს სკოლაში შეცვლილი წესები დახვდათ. საფრანგეთის მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ მოზარდები სულ უფრო და უფრო დამოკიდებულნი ხდებიან საკუთარ მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე, სწორედ ამიტომ მათ გადამჭრელ ზომებს მიმართეს. ამიერიდან საფრანგეთის ყველა სკოლაში 15 წლამდე ასაკის ყველა მოსწავლეს ეკრძალება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება სკოლაში ყოფნის პერიოდში, არა მხოლოდ გაკვეთილებზე, არამედ შესვენებებზე და ლანჩის დროსაც. აღსანიშნავია,რომ გაკვეთილებისას ტელეფონების გამოყენება საფრანგეთში ჯერ კიდევ 2010 წელს აიკრძალა.
სოციალური მედია კი უფრო ჩაკეტილს და დეპრესიულს ხდის თინეიჯერებს.
გარდატეხის ასაკში სოციალურ ქსელზე მიჯაჭვულობა დეპრესიას აყალიბებს - თეა გოგოტიშვილი
სკოლაში მისვლის შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ გამორთონ ტელეფონები და სპეციალურ, მათთვის განკუთვნილ კარადებში შეინახონ. ყველა სკოლა ინდივიდუალურად გადაწყვეტს იმასაც, თუ რა ფორმით მოახდინოს კანონის პრაქტიკაში გამოყენება.
კანონს დადებითი შეფასება მისცა საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ, რომლის თქმითაც მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ქვეყანაში მომავლის ტექნოლოგიების დანერგვას მიესალმება, ეს არ ნიშნავს რომ მათი გამოყენება ყველა ასაკის ადამიანს შეუზღუდავად უნდა შეეძლოს. ბლანკემ ახალ კანონს „21-ე საუკუნის კანონი“ უწოდა და დასძინა, რომ მისი აზრით, კანონის ამოქმედება გააუმჯობესებს იმ 12 მილიონი სკოლის მოსწავლის დისციპლინას და აკადემიურ მოსწრებას, რომლებიც საფრანგეთის სკოლებში იღებენ განათლებას.