LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრთხე საზოგადოებისთვის: დეზინფორმაცია – როგორ ვრცელდება და როგორ ვებრძოლოთ

490
SEI_171239545

საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პერიოდი უდგას. ძალიან მალე საპარლამენტო არჩევნებია, რომელსაც უკვე მიანიჭეს რეფერენდუმის სტატუსიც. ბოლო დროს დასავლეთიდან ისმის კრიტიკა კურსის ცვლის ტენდეციასთან დაკავშირებით და გარკვეული სანქციებიც დაწესდა. ოპოზიცია აპირებს ვითარების სათავისოდ გამოყენებას და ხელისუფლებაში მოსვლას, ხოლო თავად ხელისუფლება დარწმუნებულია ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმაში და კიდევ ერთი გამარჯვების მოლოდინშია.

ნებისმიერ შემთხვევაში, გველოდება ძალიან ცხელი წინასაარჩევნო კამპანია და არ არის გამორიცხული სიტუაციის ესკალაციაც, რასაც ხელს უწყობს პოლარულად განწყობილი პოლიტიკური ძალები და მედიასაშუალებები.
სწორედ ასეთ დროს კიდევ უფრო აქტუალური და საშიში ხდება ისეთი მოვლენა, როგორიც არის – დეზინფორმაცია.

ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ უზარმაზარ საინფორმაციო ოკეანეში ყალბი ინფორმაციის ნებსით თუ უნებლიედ გავრცელება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, სამაგიეროდ რთულია ნამდვილი და ცრუ ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა და საზოგადოების ფენები ექცევიან კიდეც ზეგავლენის ქვეშ.
დეზინფორმაციის პრობლემა მარტო საქართველოს კი არა, მთელი მსოფლიოს თავის ტკივილია, მით უმეტეს, რომ გარეშე თუ შიდა ძალები ინტენსიურად მუშაობენ ამ მიმართულებით.

დეზინფორმაციის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ევროპამ პირდაპირ მიუთითა საქართველოს უარი თქვას დეზინფორმაციაზე. საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან (პუნქტი) ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.

საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის”.
სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა, NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.

პირველად ისტორიაში…

ის, რომ ევროპა ამ საკითხს სერიოზულად აღიქვამს, მოწმობს ისიც, რომ დავოსის ექსპერტებმა ისტორიაში პირველად დეზინფორმაციას მსოფლიოს მთავარი პრობლემა უწოდეს. კვლევა დაიწერა ფორუმის 1490 ექსპერტის გამოკითხვის საფუძველზე

„დეზინფორმაცია სწრაფად ავიდა რეიტინგში პირველ ადგილზე ორი წლის განმავლობაში და რისკი, სავარაუდოდ, უფრო მძაფრი გახდება, რამდენიმე ქვეყანაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელება აღარ საჭიროებს სპეციალურ უნარებს.

ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის (ციფრული გამოძიებების კვლევის ლაბორატორია) ასოცირებული მკვლევარი, სოფო გელავა “ფორტუნასთან” ამბობს:

„სოციალური მედიის პლატფორმები არის ძირითადად ის გამტარი, სადაც ვრცელდება დეზინფორმაცია. მათ შორის ტექნიკურ ნაწილსაც მიმართავენ, როგორიც არის ბოტების ქსელის შექმნა.
დეზინფორმაციის გამავრცელებლები შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანებიც, მაგალითად ინფლუენსერები – პირები, რომლებსაც გავლენა აქვთ და სანდოობით სარგებლობენ კონკრეტულ თემში.
კვლევის მიხედვით, რეგიონებში ძალიან დიდია არაფორმალური პირებისგან ინფორმაციის მიღების წილი. შესაძლოა დიდ როლს თამაშობდნენ კონკრეტული ადგილობრივი ლიდერები“.

ვლად ბარაშმა, კომპანია Graphika-ის სამეცნიერო დირექტორმა განაცხადა, რომ „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი პრობლემა გავრცელების სისტემების თვალყურის დევნებაა”:

„ხალხი კითხულობს: ვინ ავრცელებს ამას? და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლების უმეტესობა მიდრეკილია დამალოს კვალი და ძალიან რთულია იდენტიფიცირება. მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობებსა და დარგის სუბიექტებს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებას შორის, აუცილებელია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია განათლების საკითხის განხილვა ყველა დონეზე“.


ევროარჩევნებამდე საფრანგეთი და გერმანია დეზინფორმაციამ მოიცვა

ივნისში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებამდე, სოციალური მედია მთელი ევროკავშირის მასშტაბით დეზინფორმაციით გაიჟღინთა.
საკონსულტაციო კომპანია Trollrensics-ის ანალიტიკოსებმა დეზინფორმაციის პოტენციური ქსელები შეისწავლეს. კვლევა ჩატარდა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ნიდერლანდებში, ასევე შეისწავლეს ინგლისური სიტყვები და ჰეშთეგები არჩევნებთან დაკავშირებით.

„დარწმუნებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოორდინირებულმა ქსელმა გავლენა მოახდინა სოციალურ მედიაში გერმანიასა და საფრანგეთში ევროკავშირის არჩევნების გარშემო დისკურსზე“, – ნათქვამია მოხსენებაში.

Trollrensics-მა გამოიკვლია 2.3 მილიონი პოსტი.
კვლევამ აჩვენა, რომ დეზინფორმაციის ქსელი განსაკუთრებით ფართო იყო გერმანიაში. ის ხელს უწყობდა ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ასევე ანტი-ლგბტ და ანტი ვაქცინის დეზინფორმაციას.

ფრანგულ ქსელს კი გაცილებით მეტი ანგარიში ჰქონდა, ვიდრე გერმანულს.

დეზინფორმაციული კამპანიის გავლენა პოლიტიკურ დებატებზე ქსელ X-ზე იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან შეძლო თემების ტენდენციურად გადაქცევა სოციალური მედიის პოსტებით, კომენტარებითა და მოწონებებით, ნათქვამია მოხსენებაში.

სინამდვილეში, ნათქვამია მოხსენებაში, ქსელები საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში არ შექმნილა სპეციალურად ევროკავშირის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით. ბევრი ანგარიში გაიხსნა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ზოგიერთი კი უფრო ადრეც.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქსელები საფრანგეთსა და გერმანიაში ფართოვდება „წარმოუდგენელი ტემპით“ და იქმნება ახალი ანგარიშები.

რა განსხვავებაა ქართულ და ევროპულ დეზინფორმაციას შორის

ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, პოლიტიკური ანალიტიკოს ვანო ჩხიკვაძე „ფორტუნასთან“ ქართულ-ევროპულ განსხვავებაზე საუბრობს:

„დეზინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის უდიდესი პრობლემა როგორც ჩვენთან, ასევე ევროკავშირში. ის ჰიბრიდული ომის ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ აქ არის ორი განზომილება. ერთი, რომელიც გარედან მოდის და მეორე, რომელიც შიგნით იქმნება.
ბოლო წლებში, უმეტესწილად ვხედავდით, რომ ეს იყო გარედან წამოსული ნაკადი: განსაკუთრებით რუსეთიდან მოდიოდა სხვადასხვა ტიპის, იგივე ადამიანის უფლებებზე, უმცირესობებზე, დასავლეთიდან დაფინანსებულ პროექტებზე, მაგრამ უკვე ბოლო პერიოდში სულ გვესმის ისეთი დეზინფორმაცია, რომელიც შიგნით არის შექმნილი – იგივე გლობალური ომის პარტია, რომელიც ერთგვარი ბუას პრინციპით არის ჩამოყალიბებული.
განსხვავება ჩვენსა და ევროპას შორის არის ის, რომ ამ დეზინფორმაციას ხშირად კვებას ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ებრძოლოს მას. ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენთან და რომელიმე დასავლეთ ევროპის ქვეყანაში არსებულ ვითარებას შორის“.

სოფო გელავა „ფორტუნასთან“ განმარტავს:

“არსებობს ასეთი ტერმინი – მედიაჰიგიენა. როგორც პირს ვიბან, ისე უნდა ვიცოდე როგორ მოვიქცე სოციალურ მედიაში, რათა არც საკუთარი თავი და არც სხვა არ დავაზიანო. დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა არ კმარა, არამედ ამ მიმართულებით ძალისხმება პოლიტიკის დონეზე უნდა განხორციელდეს.
მედიაწიგნიერება ბევრ ქვეყანაში სავალდებულო საგანია,
მეტიც ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი ბევრ ევროპულ ქვეყანაში ბაღის ასაკიდან ისწავლება”.

ფეხბურთი დეზინფორმაციის სამსახურში

მოგეხსენებათ, წელს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ფეხბურთში. დაინტერესებული პირები ამხელა მოვლენას გვერდს ვერ აუვლიდნენ და შეეცადნენ ისიც გამოეყენებინათ სათავისოდ.
აი რამდენიმე მაგალითი.

სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტო, სადაც ჩანს ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც ადოლფ ჰიტლერის ფორმაშია ჩაცმული.
ფოტო ფეისბუქსა და X-ზე გავრცელდა, თუმცა წლევანდელ ჩემპიონატს საერთოდ არ უკავშირდება.
ეს გახლავთ 2022 წლის ოქტომბრის ფოტო ჰელოუინის წვეულებაზე, რომელიც გადაიღეს მედისონის ქუჩებში, ვისკონსინის შტატში.
ეს გამიზნული იყო ერთი რამისთვის: სიძულვილის გავრცელებისთვის.

კიდევ ერთი ცრუ განცხადება: დაადანაშაულონ მიგრანტები მატჩების შემდეგ ქაოსის მოწყობაში.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთი მოედანი სავსე ნაგვით და ცარიელი საკვებისა და სასმელის კონტეინერებით.
ვიდეო გამოქვეყნდა წარწერით: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ფრანკფურტი დიდხანს გაუძლებს მასობრივი იმიგრაციის შედეგებს“.
გაირკვა, რომ ვიდეოს არაფერი აქვს საერთო მიგრაციასთან.
მასზე ნაჩვენებია 20 ივნისს ინგლისისა და დანიის მატჩის შემდეგ გულშემატკივრების მიერ დატოვებული ნარჩენები.

საარჩევნო დეზინფორმაცია

კოვიდ 19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ მის- და დეზინფორმაცია ვრცელდება ქვეყნებს შორის საზღვრების მიუხედავად. ზოგიერთ შემთხვევაში ყალბი ინფორმაციის ადაპტირება ხდება ახალი აუდიტორიისთვის. თუმცა, ხშირად შეიძლება ვნახოთ წარმატებული დეზინფორმაციული იდეის განმეორება. ვინც ქმნის დეზინფორმაციას, სავარაუდოდ მოქმედებს პრინციპით: თუ სტრატეგია მუშაობს, ხელმეორედაც იყენებენ.

კოალიცია LatamChequea-მა – ფაქტების გადამოწმების სპეციალისტთა ქსელმა (ლათინური ამერიკის, ესპანეთის, პორტუგალიისა და აშშ-დან), რომელიც დეზინფორმაციას ებრძვის, გადაწყვიტა გაეანალიზებინა არსებობს თუ არა საერთო კანონზომიერება სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში. მათ აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ცოტა დეზინფორმაციის 10 ტიპი განმეორდა ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში, ასევე 2020 წლის აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე.

ქვემოთ ჩამოთვლილია წინასაარჩევნო დეზინფორმაციის 10 ტიპი, რომელთაც დიდი ალბათობით შეხვდებით სოციალურ ქსელში ან კანონიერი მედიის ნიღაბს ამოფარებული ორგანიზაციების ვებ-საიტებზე.

  1. საარჩევნო პროცესში ზოგიერთი დარღვევა არ ნიშნავს ფალსიფიკაციას;
  2. ხელისუფლების მიერ კოორდინირებული შესაძლო თაღლითობის გამოაშკარავება;
  3. მტკიცება, რომ ხმა გარდაცვლილმა ადამიანებმა მისცეს;
  4. დეზინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ხმას აძლევენ ის ადამიანები, რომელთაც ამის უფლება არ აქვთ;
  5. მანიპულაციები, რომელიც მიმართულია ადამიანებს უარი ათქმევინონ არჩევნებში მონაწილეობაზე ან მიაღწიონ ხმების გაუქმებას;
  6. დეზინფორმაცია დოკუმენტებზე, რომლებიც აუცილებელია ხმის მიცემისას;
  7. დეზინფორმაცია მოქალაქეებზე, რომლებიც ხმას საზღვარგარეთ აძლევენ;
  8. არჩევნების დღეს ქაოსის შექმნა;
  9. ყალბი ეკზიტპოლები;
  10. კანდიდატების განცხადებების ფაბრიკაცია.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?

სოფო გელავა:

„პირველი, დავაკვირდეთ საკუთარ ემოციებს, როგორ ვრეაგირებთ ამ ტიპის ინფორმაციაზე.
თუ ატყობთ, რომ აღელდით, ნერვიულობთ, მძაფრ ემოციებს იწვევს, გაჩერდით რამდენიმე წუთი, დაფიქრდით და სცადეთ, კრიტიკულად გაიაზროთ – რატომ გამოიწვია ამ კონკრეტულმა ინფორმაციამ თქვენი ასეთი რეაქცია.
მეორე, დავსვათ კითხვა – ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ინფორმაციის ამგვარი სახით გავრცელება და მესამე – სხვადასხვა წყაროებში გადამოწმება, დადარება და შინაარსის გამოტანა.
თუ ვერ ვამოწმებთ, ვეცადოთ, მინიმუმ გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი და არ გადავაზიაროთ ყალბი ინფორმაცია“.

იზაბელა უილკინსონმა (მეცნიერ-თანამშრომელი, ციფრული საზოგადოების სტრატეგიული ინიციატივების თავმჯდომარე) 2024 წელს „პროპაგანდისა და საფრთხეების გავრცელებისთვის ერთგვარი იდეალური ქარიშხალი“ უწოდა.

„ჩვენ ვხედავთ თუ როგორ აძლიერებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო სუბიექტები განზრახვას გამოიყენონ საინფორმაციო ომი საკუთარ ინტერესებში. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ პოტენციურ საფრთხეზე მთელი საზოგადოებისთვის. დადგა დრო შევიმუშავოთ ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც აერთიანებს პოლიტიკას, რეგულირებას, მედიას, უსაფრთხოებას, ტექნოლოგიას და ინდუსტრიას დეზინფორმაციასთან საბრძოლველად”.

სოფო გელავა კი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ აერსებობს სივრცე და რესურსი იმისთვის, რომ დაიგეგმოს სწორი კამპანია და საზოგადოებას ამ ფორმით მიეწოდოს დეზინფორმაციის მავნე გავლენებისა და მისგან თავის დაცვის შესახებ ინფორმაცია. რაც შეეხება მედია გარემოს, როგორც DFRLab-ის მკვლევარი აღნიშნავს, დღეს „მედია გარემო პოლარიზებული, ორპოლიუსიანია. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა კრიტიკული დამოკიდებულების უნარი გამოიმუშაონ, რადგან დღეს თითოეული ჩვენგანის არჩევანია, სად რა ტიპის ინფორმაცია მივიღოთ“.

საიდან მოდის დეზინფორმაცია?

დეზინფორმაცია ტერმინი მოდის რუსეთიდან და კონკრეტულად საბჭოთა კავშირიდან, როდესაც КГБ-ში (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) შეიქმნა დეზინფორმაციის განყოფილება. მისი მიზანი იყო, რომ რეზიდენტ აგენტებს, რომლებიც ჩანერგილები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში, მოეგროვებინათ ინფორმაცია ადგილობრივი სენტიმენტების, დისკუსიების შესახებ და შეექმნათ დეზინფორმაცია, რომელიც გარკვეულწილად ქნებოდა რეალობაზე დაფუძნებული.
ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციის წარმატებისთვის ის ეყრდნობოდეს გარკვეულ რეალობას, რათა იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის და მოჰყვეს გარკვეული წარმატება. თუ დეზინფორმაცია არ ეხება ისეთ თემებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, როგორც წესი, ეს დეზინფორმაცია დარჩება ჰაერში და არანაირი შედეგი არ ექნება.

ფოტო: newscientist
huridocs
theguardian
brennancenter
hypepotamus

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g