სამართალდამცველებმა ქალაქ თბილისში, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი HEETS-ის და PARLIAMENT- ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 4 290 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.