2020 წლის გავლენა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე და 2021 წლის პროგნოზი – საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში, თბილისის საცხოვრებელი სექტორის დინამიკა მიყვებოდა არსებულ გრძელვადიან ტრენდს: იანვარში, გასულ თვესთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით შემცირდა, რაც ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, თებერვალში კი 26%-ით გაიზარდა. მდგომარეობა გართულდა მარტში, თუმცა აპრილის თვეში განსაკუთრებით იზარალა უძრავი ქონების სექტორმა.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვამ თითქმის ნულამდე დაიყვანა ტრანზაქციების რაოდენობა უძრავი ქონების სექტორში. გაყიდვები 92%-ით შემცირდა, მშენებლობების უმრავლესობა შეჩერდა ან შეყოვნდა, რის ფონზეც მოლოდინები და პროგნოზები საკმაოდ ნეგატიური გახდა. იმ დროისთვის დეველოპერები გაყიდვების 50-60%-იან ვარდნას და ფასების 20%-იან შემცირებას ვარაუდობდნენ გასულ წელთან შედარებით. ასევე პროგნოზირებდნენ მიმდინარე პროექტების დასრულების ვადების დარღვევას“, – აცხადებენ Cushman & Wakefield Georgia-ში.
მათივე ცნობით, კრიზისის დასაძლევად, სახელმწიფოს ინტერვენცია გამოიხატა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში. აღნიშნული პროგრამა 1 ივლისიდან შევიდა ძალაში და გავრცელდა 200 000 ლარზე ნაკლები ღირებულების ბინებზე, რომლებიც უშუალოდ დეველოპერისგან იყო შეძენილი. მსგავსი ქონებების იპოთეკური სესხის 4% სახელმწიფომ დაფარა.
„სუბსიდირების პროგრამამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საცხოვრებელ სექტორს, თუნდაც მყიდველის ნდობის განმტკიცების კუთხით. ისიც შეიძლება ითქვას, რომ სუბსიდირების პროგრამამ, გარკვეულწილად, დააჩქარა ბინის შეძენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, დარეგულირდა მოთხოვნა და ფასები, რამაც თავის მხრივ, უზრუნველყო ლიკვიდურობის შენარჩუნება და შეჩერებული პროექტების გაგრძელება. წლის დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებელი სექტორის დინამიკა ნელი ტემპით, თუმცა მაინც წინ მიიწევს აღდგენის გრძელ გზაზე“,- განმარტავენ Cushman & Wakefield Georgia-ში.
როგორც საკონსულტაციო კომპანიაში ამბობენ, მოთხოვნა გაიზარდა ეკონომ სეგმენტზე გათვლილ უძრავ ქონებაზე, თუმცა სუბსიდირების პროგრამამ ვერ უზრუნველყო ფასების ზრდა საშუალო და პრემიუმ სეგმენტებზე.
-
გაიზარდა ახალაშენებული ბინების გაყიდვები და ჯამური ტრანზაქციების 70% შეადგინა. გასულ წლებში, აღნიშნული მაჩვენებელი 60-62%-ს შორის მერყეობდა.
-
წლიურ ჭრილში, ტრანზაქციების საერთო მოცულობა 20.6%-ით შემცირდა
-
ქალაქის მასშტაბით, ბინების ფასმა საშუალოდ 3%-ით იკლო. ფასების შემცირება, ძირითადად, შეეხო მეორეულ ბინებს, ახალაშენებულ ბინებზე კი შენარჩუნდა არსებული საფასე ნიშა.
-
ივნისიდან მოყოლებული, გაიზარდა იპოთეკური სესხების რაოდენობა (კლება დაფიქსირდა მხოლოდ აგვისტოს თვეში, როდესაც ტრანზაქციების რაოდენობამ ასევე 9%-ით იკლო)