LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანმანათლებლო-სასერტიფიკატო კურსი მომსახურების სივრცეების ინდივიდუალიზაციისთვის

621
ქეთი ამირბარი

კომპანია „ამირბარი“ თითქმის ერთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. მისი მიზანი სტერეოტიპების ნგრევა, სტუმარმასპინძლობის სფეროსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და ბიზნესის სწორი ხედვის ჩამოყალიბებაა.

ცოტა ხნის წინ „ამირბარმა“ სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო-სასერტიფიკატო კურსი შეიმუშავა მომსახურების სივრცეების ინდივიდუალიზაციისთვის.

ქეთი (ალიმბარაშვილი) ამირბარი, კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი:

– კურსი „სასტუმროს ინდივიდუალიზაცია“ შეიქმნა იმისთვის, რომ უფრო სწორად დავინახოთ, აღვიქვათ და შევაფასოთ მომსახურების თითოეული სივრცე თავისი უნიკალურობით. კურსის პირველ ნაკადს 19 ტრენერი (ჩემი ჩათვლით), რეალური მაგალითების და საკითხების გაზიარებით, ახალი იდეებისკენ სწორედ ინდივიდუალიზაციის მნიშვნელობაზე ხაზგასმით უბიძგებდა. პირველი ნაკადისთვის შეხვედრები მუდმივად დისტანციურად ტარდებოდა, რადგან ზაფხულის ტურისტული სეზონი დაგვემთხვა და სასტუმროების მმართველი მენეჯერები თბილისში ვერ ჩამოდიოდნენ. ეს მეც მიქმნიდა დისკომფორტს, როგორც ტრენერსაც და მსმენელსაც, რადგან უშუალო გარემოს და ემოციის პირისპირ გაზიარებას სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისას დიდი მნიშვნელობა აქვს.  მიხარია, რომ პირველივე ნაკადისგან მიღებული უკუკავშირი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდით. აქვე აღვნიშნავ, რომ „ამირბარის“ საქმიანობა მხოლოდ სასერტიფიკატო კურსების შეთავაზებით არ შემოიფარგლება, ჩვენ ისეთი მიმართულებებითაც გთავაზობთ მომსახურებას, როგორებიცაა ბაზარზე ოპერირება, სასტუმროს მართვა და კონსულტირება.

– როგორც ვხვდები, ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში და სურს დამატებითი ცოდნისა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენა.

– დიახ, კურსი შექმნილია მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, მმართველებისთვის, მფლობელებისთვის და მათთვის, ვინც სასტუმროს გახსნას გეგმავს. როცა „ამირბარში“ ვმსჯელობდით, როგორი ყოფილიყო ჩვენი პირველი პროდუქტი საგანმანათლებლო მიმართულებით, სასტუმროს პირველი რგოლისთვის ტრენინგს მაღალ რგოლთან შეხვედრები იმ თვალსაზრისით ვამჯობინეთ, რომ ინდუსტრიაში რეალური ცვლილებები სწორედ  მაღალი რგოლის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებით უნდა დაიწყოს.

მომდევნო ნაკადისთვის კურსი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. ის მოიცავს და განიხილავს სასტუმროს მუშაობის პროცესს და იძლევა სრულ ხედვას სასტუმრო-სარესტორნო სფეროს შესახებ. კურსის მსმენელები შეხვდებიან დარგის 22 ლიდერს და სპეციალისტს. საკუთარი სეგმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა, უშუალო კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება კი გარკვეულ ნიუანსებს მათთვის კიდევ უფრო გასაგებს გახდის.

– არის თუ არა საკითხი, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ, როგორც პრობლემურს?

– თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ კურსი მოიცავს 33 შეხვედრასა და 73 საათს და 6 მოდულად გახლავთ დაყოფილი. ეს მოდულებია: ტურიზმი და მასპინძლობა, სასტუმროს გახსნის მენეჯმენტი, სასტუმროს მთავარი დეპარტამენტების განხილვა და ანალიზი, სასტუმროს შემოსავლის არხები და აქტივობები, ციფრული მასპინძლობა, სასტუმროს სწორი მართვა.

მიმართულებები, რომლებიც კურსის ახალი ნაკადისთვის უფრო გავაფართოვე არის კვების და სასმელების მიმართულება და სერვისის მიმართულება, რომლებიც ერთგვარი შავი ხვრელივითაა სტუმარმასპინძლობის სფეროში. ცნობიერების ამაღლების გარეშე წარმოუდგენელია, ბიზნესი იყოს წარმატებული და მართლა ღირებულ პროდუქტს ქმნიდეს.

–  როგორც ვიცი, ამჟამად კურსი იქნება ჰიბრიდული, როდიდან იქნება მასზე რეგისტრაცია შესაძლებელი და როდის დაიწყება სწავლება?

რეგისტრაცია უკვე დაიწყო, უბრალოდ, მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ადგილები ძალიან შეზღუდულია. კურსის ხანგრძლივობაა 2.5 თვე. სწავლა ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დაიწყება. შეხვედრები ჩატარდება ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00 საათზე.

– და ბოლოს, სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევით.

– გეგმები საკმაოდ დიდი გვაქვს. ჯერ არსად მითქვამს, თქვენ გაგიზიარებთ პირველს, რომ ვაარსებთ „ამირბარის კლუბს“, რომელიც გააერთიანებს ჩვენი ტრენინგების ყველა მონაწილეს, ყველა ჩვენს დამკვეთს, რათა გავმართოთ შეხვედრები მასპინძლობის მიმართულებით ერთმანეთში რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გასაცვლელად. ეს ჯერ კიდევ აკლია ტურიზმის სფეროს.

mazda magti 5g