LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

143
საგარეო

ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით რიგი მედია საშუალებების მხრიდან გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მყისიერად გამართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ოლექსანდრ შულჰასთან. ქართულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით. უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, იგი ამ ფაქტის შესახებ აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს.

შეხვედრაზე ოლექსანდრ შულჰამ კმაყოფილება გამოთქვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის გამო და ასევე აღნიშნა უკრაინის მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის პრაქტიკა.

შეხვედრის დასასრულს, მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ მხარეს გულისხმიერებისთვის და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ დაელოდება კიევიდან შესაბამის მითითებებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების კომენტარში.

mazda magti 5g