საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის დედაქალაქში ხვალ დაგეგმილ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს მედიას საგარეო უწყებაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა არასდროს მიუღია.
„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი.
საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.