LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: „მაკა ბოჭორიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების განცხადებები და ნაბიჯები, მათ შორის სანქციები, სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს“

108
მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა.

„ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

საუბარი შეეხო საქართველოს საკანონმდებლო სიახლეებს უცხოური დაფინანსების შესახებ. ელჩს განემარტა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისი წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია.

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღნიშნა, რომ არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზება და ამგვარად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის მცდელობები.  

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔹საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს…

Posted by საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia on ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
magti 5g