LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: „სუდანში განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან“ 

147
Untitled design (3)

სუდანში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, – განგვიცხადეს საგარეო უწყებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ამ დროისთვის სუდანში 30-მდე ქართველი იმყოფება:

„ქართველებთან კონტაქტზე ვართ. ახლა იქ დაახლოებით 30-მდე ქართველია. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან.

ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში.

კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთან, მჭიდრო კონტაქტზე ვართ პარტნიორებთან. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და შემდეგ იმ მხარესთან მოხდეს დალაპარაკება. ველოდებით დამშვიდდეს, ჩაწყნარდეს ვითარება, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით არ გველაპარაკებიან იმის გამო, რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი სჭირს, ჯანმრთელად არიან“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებებია.

ბოლო ცნობებით, დაიღუპა 100-მდე და დაშავდა 1 100-მდე ადამიანი.