LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საღამოს „ჯემალ სეფიაშვილი სიყვარულით“ ჰქვია, რადგან ძალიან მინდა სიმღერით გავუზიარო მაყურებელს სიყვარული“ – მომღერალი 9-10 აპრილს დაგეგმილი კონცერტის დეტალებით „არტ-FM“-ში

754
ჯემალ-სეფიაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 9-10 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა და ახალი სიმღერები „შენი სურათი“, „კარგად იყავი“ და „ვერ შეგელევი“ შესთავაზა მსმენელს.

„ჯემალ სეფიაშვილი სიყვარულით“

საღამოს „ჯემალ სეფიაშვილი სიყვარულით“ ჰქვია, რადგან ძალიან მინდა სიმღერით გავუზიარო მაყურებელს სიყვარული. ვფიქრობ, თანამედროვე ეპოქაში ძალიან გვაკლია სიყვარული, ურთიერთ პატივისცემა და დაფასება. რა თქმა უნდა, არ მაქვს ამბიცია, რომ ამ სენს დავამარცხებ, თუმცა უფლება ვაჩუქო საკუთარი სიყვარული მსმენელს, ნამდვილად მაქვს. სხვათა შორის, 140 მომღერალი მიიღებს კონცერტში მონაწილეობას, ამიტომ ძალიან  რთული სამუშაოს შესრულება გვიწევს. თუმცა, ნიკა ნიკვაშვილის იმედი მაქვს, რომელიც არა უბრალოდ ბრწყინვალე მუსიკოსი, არამედ ნამდვილი გენიოსია.

1997 წელს, კონცერტის „ბრავო, მაესტროს“ აფიშისთვის შვილიშვილთან გიორგი წერეთელთან ერთად გადავიღე ფოტო, ახალ აფიშაზე კი, შვილთაშვილთან, 10 თვის ნიკო წერეთელთან ერთად მოვინდომე ფოტოს გადაღება და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პოსტერი გამოვიდა.

ახალი კომპოზიციები

სიმღერის „შენი სურათის“ ტექსტის ავტორი გია კობახიძეა, ვისთანაც ახალგაზრდობიდან ვმეგობრობ. საკუთარი ლექსების კრებული მაჩუქა, ერთი სული მქონდა, როდის გადავხედავდი. მეხუმრა, „ხომ ამბობდი, რომ ჩემს ლექსებზე სიმღერა არ იწერებაო“, და ხუმრობითვე ვუპასუხე, „გავიზარდე და ახლა ძალიან მჭირდება შენი კრებული-მეთქი“. სწორედ მის ერთ-ერთ ლექსზე გავაკეთე ახალი სიმღერა, რომელიც მიშო ჯავახიშვილმა შეასრულა. სხვათა შორის, თავად გიასაც ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევარი.

სიმღერა „კარგად იყავი“, რომელიც ირინა სანიკიძის ტექსტზე შეიქმნა, არანჟირებაზე კი, ზურა მახნიაშვილმა იზრუნა, ლიკა დოლიძემ შეასრულა, ზურას ეკუთვნის საქსოფონის პარტიაც. კომპოზიციის „ვერ შეგელევი“ ტექსტი კი, ირაკლი ნოზაძემ დაწერა და „ქუჩის ბიჭებმა“ შეასრულეს.

„შეხვედრები მიკროფონთან“

კვირის სხვა დღეებისგან განსხვავებით, პარასკევ დღეს თითქმის ყველა დაწესებულებაში  30 წუთით ადრე, 12:30 საათზე იწყებოდა შესვენება, რადგან ჩემი გადაცემა “შეხვედრები მიკროფონთან” გადიოდა ეთერში. ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვიწვევდი  – აკადემიკოსით დაწყებული, მეეზოვით დამთავრებული, რადგან ძალიან მინდოდა ამ ადამიანების ბუნების, შინაგანი სამყაროს გაზიარება მსმენელისთვის. გარდა ამისა, მქონდა კიდევ ერთი რადიოგადაცემა, რომელსაც ყველა უცხოელი მუსიკოსი სტუმრობდა, ვინც საქართველოში ჩამოდიოდა. დიდი ბედნიერება იყო ამ ადამიანებთან შეხვედრა, რადგან უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე.

ძალიან მიყვარს რადიო, რომლის წყალობით ჩემს პატარა, მყუდრო სამყაროს ვქმნი. სხვა სამსახურში გადასვლის შემდეგ, ძალიან დიდხანს მელანდებოდა რადიოსტუდიები, სადაც თვითონ ვამონტაჟებდი გადაცემებს. სხვათა შორის, იმ პერიოდში ფრჩხილის ლაქით ვაწებებდით ფირებს, რადგან სხვა საშუალება არ გვქონდა. მოგვიანებით სატელევიზიო გადაცემებს ვაკეთებდი, რომლებიც განსაკუთრებით გალია ანჯაფარიძეს მოსწონდა. უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქალბატონმა გალიამ ტელევიზიასა და რადიოში ქართული სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში.

სამშობლო

გული არაფერზე მწყდება, პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ჩემს სამშობლოში ვარ და შევძელი ქართველი მსმენელის გულის მოგება. ძალიან მიხარია, როცა ქუჩაში გასულს მცნობენ და მადლიერებას გამოხატავენ. სწორედ ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, თუმცა ამგვარი პატივისცემის დამსახურება არა მხოლოდ სიმღერებით, არამედ ცხოვრების წესით, ადამიანებით შეიძლება.

სამწუხაროდ, მთელი ნათესაობა, მამის და ძმების ჩათვლით ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, მე კი, საქართველოში დარჩენა ვარჩიე. მართალია, მამას ხშირად ვპირდებოდი, რომ ერთ დღეს მეც საბოლოოდ გადავბარგდებოდი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ჩემი სამშობლო ყოველთვის საქართველო იყო, რომელსაც ვერცერთ ქვეყანაზე ვერ გავცვლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g