„ბათუმში მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს“,- ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას.
განცხადების თანახმად, „საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად“.
საიას განცხადებით, „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, სავსებით განჭვრეტადი და პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ის საფრთხე, რაც ტერიტორიაზე ღია თხრილებისგან მოდიოდა მოსახლეობისთვის. შესაბამისად, მას ევალებოდა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა“:
„2025 წლის 15 თებერვალს ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე (მერიის ინფორმაციით, ფრ. ხალვაშის გამზირის N188-ის მიმდებარედ) ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.
საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს. არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას, ეს კი ადასტურებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით.
ამ ყველაფრის ფონზე, კი, საგანგაშოა, ასევე, რომ მომხდარის ადგილზე მუშაობის ჯეროვანი შესაძლებლობა არ ეძლეოდათ მედიის წარმომადგენლებს. კერძოდ, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის, სულხან მესხიძისა, და „ბათუმელების“ ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის, მიმართ ხორციელდებოდა “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული მხარდამჭერების მიერ ზეწოლა მათ მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.
„მაშინ ღობავენ მთავრობის წევრები რომ მოდიან…წავიდნენ და ახსნეს ღობე“ – ადგილობრივები ე.წ. ოცნების ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიაზე
„მაშინ ღობავენ მთავრობის წევრები რომ მოდიან…წავიდნენ და ახსნეს ღობე“ – ადგილობრივები ე.წ. ოცნების ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიაზე
საჯარო სივრცეში ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ადამიანის სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფი ადამიანების სიცოცხლე. აღნიშნულიც ასევე მოიცავს, მათ შორის, შენობებიდან და მშენებლობებიდან მომავალ საფრთხეებს და ნებისმიერ საჯარო ან არასაჯარო აქტივობას, რომელმაც შესაძლოა სიცოცხლის უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს.
სიცოცხლის უფლების დაცვის მოვალეობა, სახელმწიფოს აკისრებს, არამხოლოდ, ვალდებულებას, არ ხელყოს უკანონოდ და განზრახ სიცოცხლე, არამედ მიიღოს შესაბამისი ზომები მის იურისდიქციაში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. ეს ვალდებულება შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც აუცილებელია ერთი ან რამდენიმე წინასწარ იდენტიფიცირებული პირის დაცვა სასიკვდილო აქტისგან, არამედ იმ შემთხვევებზეც, როდესაც სახელმწიფოს ევალება საზოგადოების ზოგადი დაცვის უზრუნველყოფა. ამ სახის ვალდებულება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, შენობებისა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას ისეთი ოპერაციული სისტემა, როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების თვალსაზრისით, რომ დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფ პირთა სიცოცხლე, და ეს ღონისძიებები მორგებული უნდა იყოს კონკრეტული საქმიანობის თავისებურებებზე და ადამიანის სიცოცხლისთვის პოტენციურ საფრთხეზე. სახელმწიფომ უნდა მიიღოს, როგორც პრაქტიკული, ისე პროაქტიული და წინასწარი უსაფრთხოების ზომები მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად.
„ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა… ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ“ – აჭარის ფინანსთა მინისტრი
„ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა… ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ“ – აჭარის ფინანსთა მინისტრი
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, სავსებით განჭვრეტადი და პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ის საფრთხე, რაც ტერიტორიაზე ღია თხრილებისგან მოდიოდა მოსახლეობისთვის. შესაბამისად, მას ევალებოდა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლის უფლება, მოიცავს, არა მხოლოდ, ინდივიდთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გონივრული ზომების მიღებას, არამედ, სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის შემთხვევაში, არსებითია დაზარალებულთა უფლებების დაცვისთვის ეფექტიანი საშაულებების უზრუნველყოფა, რათა შესაძლებელი გახდეს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დაზარალებულისთვის შესაბამისი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა.
ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე]. თუმცა, საგანგაშოა, რომ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადება არსად ახსენებს გამოძიების საკითხს, თუნდაც ფორმალურად, რაც უკვე ისედაც მიტაცებული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის უმოქმედობის პოლიტიკური გზავნილია.
დამატებით, მივუთითებთ, რომ ბათუმის მერია ვალდებულია, ტერიტორიაზე მსგავსი სხვა თხრილების არსებობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.