LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია-ს თავმჯდომარე სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანაზე: „უარი პროცესზე მიყვანის თაობაზე არც კონკრეტულ საკანონმდებლო რეგულაციას ეფუძნება, არ გამომდინარეობს კანონიდან და არის დასაბუთების პრობლემაც“

47
thumb-rjub1scoq79hlqj

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დღეს პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა.

აღნიშნულ თემაზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მან რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„მე როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს მაქვს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ამ პოლიტიკურ კრიზისს კი მოჰყვა შედეგად ის, რომ დეპუტატები შიმშილობენ, მათ შორის ელენე ხოშტარია, რომელიც გაცილებით დიდი ხანია რაც შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის.

დღეს მე ეს ჩემი თვალით ვიხილე და ეს არის ძალიან სამწუხარო.

ამ დეპუტატების წუხილი არის ის, რომ სახელმწიფომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით,“-განაცხადა სიმონიშვილმა.

რადიო „ფორტუნას“ კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესახება საია-ს თავმჯდომარეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები, ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა:

„აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ 2 საკითხთან მიმართებით, ერთი- რა არის უშუალოდ გამოსავალი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მის გადაყვანასთან თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. და მეორე- რა არის იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს.

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებით, მისი უფლებების დაცვითა და გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ მე-18 დაწესებულება არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი, ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ უნდა იყოს მისთვის მიწოდებული შესაბამისი მკურნალობა, ეს მოხდება გადაყვანით თუ გადაყვანის გარეშე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ უნდა იყოს გარანტირებული ყველა შესაბამისი ზომა.

თუმცა, მეორე ფაქტორია ზოგადი პოლიტიკური კრიზისის ჭრილში რომ დავინახოთ ეს ყველაფერი, ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნების შემდგომ, ფაქტობრივად, მიმდინარეობს აქციები ოპოზიციის პროტესტი.

წინა წელსაც, ფაქტობრივად, მსგავსად დაიწყო, ისიც არჩევნების შემდგომ დაიწყო გადაიზარდა პროტესტში და ამ ყველაფერს სხვადასხვა პროცესები მოჰყვა.

ეს კრიზისები სულ გვაქვს ქვეყანაში სწორედ იმის გამო, რომ ის მნიშვნელოვანი ინსტიტუციები, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ იმის გარანტიას, რომ არჩევნები ნამდვილად ჩატარდა სამართლიანად და სწორად, ამ ინსტიტუციების მიმართ სანდოობა არის დაბალი და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად წარმოჩინდა მართლმსაჯულების სისტემა, მის მიმართ სანდოობის ნაკლებობა და მართლმსაჯულების სისტემის მხრივ კი სასამართლო.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ “ფორტუნას” ეთერში ხელისუფლების არგუმენტებიც შეაფასა, რის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანა არ ხდება.

როგორც მან აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი უწყება ვერ ასაბუთებს მესამე პრეზიდენტის პროცესზე არდასწრების კონკრეტულ მიზეზებს.

„როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანის საკითხზე ეს არის, რა თქმა უნდა, მისი უფლების შეზღუდვა და ნებისმიერი უფლების შეზღუდვა უნდა იყოს კანონს დაფუძნებული, საკანონმდებლო ჩანაწერს და რა თქმა უნდა, ეს დასაბუთებული უნდა იყოს.

ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამჯერ ვიხილეთ, რომ იუსტიციის სამინისტრო უბრალოდ უარს აცხადებს სააკაშვილის პროცესზე მიყვანაზე, ეს უარი პროცესზე მიყვანის თაობაზე, არც კონკრეტულ საკანონმდებლო რეგულაციას ეფუძნება, არ გამომდინარეობს კანონიდან და არის დასაბუთების პრობლემაც.

დასაბუთების პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც იუსტიციის სამინისტრო ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახური, ზოგად აბსტრაქტულ საფრთხეებზე საუბრობს, რომ ამ ყველაფერს შესაძლებელია არეულობა მოჰყვეს თუმცა მაშინ, როდესაც საზოგადოება ინტერესდება იმით, თუ რა შეიძლება იყოს ეს არეულობა ან როგორ შეიძლება იყოს ეს გამოწვეული, რა თქმა უნდა, ამ კითხვებთან დაკავშირებით პასუხებს ვერ ვიღებთ,“-განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g