არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „პირველი არხის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „მოამბის“ წამყვანი განუსაზღვრელი დროით აღარ უნდა იყოს.
ორგანიზაციის შეფასებით, „ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული“.
„ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.
„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიხსენიებთ აუგად ჩემს იმ კოლეგებს, ვისაც ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე“ – რა მიმართვას ავრცელებს ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი
ჟურნალისტი სთხოვს საზოგადოებას, ნუ მოიხსენიებენ აუგად იმ ჟურნალისტებს, ვისაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად.
თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ“. – აღნიშნულია საიას განცხადებაში.