LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ: მანჯგალაძე „ჩრდილოვანი კაბინეტის“ დაკომპლექტებაზე

54
პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ლელოს“ ინიციატივა ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებაზე საინტერესოა და კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ.

დეპუტატის შეფასებით, ხაზარაძის ინიციატივა აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საუბარი დაწყებულია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე.

„მამუკა ხაზარაძეს საინტერესო ინიციატივა აქვს, მითუმეტეს, ეს აქტუალურია მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უნდობლობის გამოცხადებაზე და იცით, რომ კონსტიტუცია ამასთან ერთად მთავრობის შემადგენლობის დასახელებას ითვალისწინებს.

ვეთანხმები, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ერთი პარტიიდან არ უნდა იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენთვის ეს არის საინტერესო წინადადება, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ შეუძლია საერთო ოპოზიციური ინტერესების გამო, უარი თქვას საკუთარ ამბიციებზე, თუმცა, სანამ კონსულტაციები დაიწყება, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განხილული იყოს გიორგი ვაშაძე.