ოთახების განაწილება, კვადრატულობა, დიზაინი, ჭერის სიმაღლე და ფანჯრების რაოდენობა – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სახლის აშენების თუ ბინის შეძენის შემდეგ და რა ძირითად შეცდომებს ვუშვებთ ბინის დაგეგმარებისას. დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ გენერალური დირექტორი შორენა დარჩიაშვილი „ფორტუნას“ ეთერში, რუბრიკის „სანამ სახლს იყიდი“ ფარგლებში, მომხმარებლებს გადაცემის წამყვანთან გიორგი კეპულაძესთან ერთად რამდენიმე საინტერესო რჩევას უზიარებს.
რამდენი ფანჯარაც გააჩნია პროექტს, იმდენი ოთახი გამოვა
„ადამიანები, ძირითადად, კითხულობენ ხოლმე კვადრატულობას და არ აკონკრეტებენ საძინებლების რაოდენობას. ჩვენ ყველაფერი აწყობილი გვაქვს საძინებლებზე, რადგან საბოლოო პროდუქტი, რაც ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს არის საძინებლების რაოდენობა ანუ ადამიანები, როგორ უნდა განთავსდნენ ბინაში და რამდენი საძინებელი სჭირდებათ მათ. შესაბამისად, რამდენად ოპტიმალურად არის ფართები გადანაწილებული, ეს უკვე დამოკიდებულია არქიტექტურის ხელოვნებაზე და კომპანიის პასუხისმგებლობაზე, თუ როგორი გეგმარებით შესთავაზებს მომხმარებელს. საინტერესო ხრიკი შემიძლია ვასწავლო მომხმარებლებს – ფანჯრების ანუ ღიობების რაოდენობა პირდაპირ განსაზღვრავს დამოუკიდებელი, სრულყოფილი ოთახების რაოდენობას ანუ რამდენი ფანჯარაც გააჩნია პროექტს, იმდენი ოთახი გამოვა. აქედან გამომდინარე, ერთი ფანჯარა საერთო ოთახზე უნდა ვივარაუდოთ. თუ სამი ღიობია, გვრჩება ორი ღიობი გვრჩება საძინებლისთვის, კვადრატულობა კი ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს. თუ ბინა ძალიან დიდია და ფანჯრები ცოტაა, შესაბამისად, დიდი ოთახები გამოვა, მაგრამ რაოდენობას ვერ გავცდებით. აქტუალურია ცალკე სამზარეულოც. თუ ოჯახს ცალკე სამზარეულო სჭირდება და აქვს სურვილი, ამ შემთხვევაში, ერთი საძინებელი უნდა დავთმოთ“, – ამბობს შორენა დარჩიაშვილი.
ნიშნავს თუ არა მაღალი ჭერი კარგ სახლს
„საინტერესო კლიშეა დამკვიდრებული, რომ მაღალი ჭერი ნიშნავს კარგ სახლს. მაღალი ჭერი კარგია იმ შემთხვევაში, თუ ბინის ფართი და კვადრატულობა იძლევა ამის საშუალებას ანუ საქმე არის პროპორციაში, რა სიგანე აქვს ოთახს და რა სიმაღლისაა ჭერი, რომ არაკომფორტულად არ ვიგრძნოთ თავი. როდესაც ხელმისაწვდომ ბინებზე ვსაუბრობთ და ფართის უფრო ეფექტურად ათვისებაზე, ამ შემთხვევაში გამოდის ხოლმე, დაახლოებით, 12-15 კვადრატული მეტრი საძინებელი. შესაბამისად, საძინებლის ოპტიმალური სიგანე ამ შემთხვევაში 2 მეტრი და 90 სანტიმეტრია, შესაბამისად, ამ ზომის ბინებისთვის ჭერი 2.80 – 2.90, არის აბსოლუტურად იდეალური, აღქმის თვალსაზრისითაც და კომფორტისთვისაც. ასევე, მაღალ ჭერს ერთი მინუსი აქვს – არ არის ენერგოეფექტური. რაც უფრო მაღალია ჭერი, მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება სახლს, რომ გათბეს და ესეც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული“, – აცხადებს „თეთრი კვადრატის“ გენერალური დირექტორი.
რა ძირითადი შეცდომებს ვუშვებთ
„პირველი შეცდომა არის კვადრატულობით ბინის შეძენა და გეგმარების გაუაზრებლობა. თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რა გამოდის ბინაში, რომ მერე სიურპრიზი არ იყოს, რომ რაღაცას ვერ ვატევთ. ორი პარამეტრია – ღიობების რაოდენობა და საკომუნიკაციო დგარები სამზარეულოსთვის და სველი წერტილისთვის. პირობითად, თუ გვინდა სამი სველი წერტილის განთავსება, თუ დგარები შესაბამისი რაოდენობით არ არის პროექტში მოცემული, შესაბამისად ან არ გამოვა ან გამოვა რთული გზით და იქნება მოუხერხებელი. ეს ორი საკითხია, რაც გვაძლევს წინასწარ ინფორმაციას, რა შეიძლება ბინაში დაპროექტდეს. ასევე, თუ არსებობს შესაძლებლობა და არქიტექტორთან ან დიზაინერთან მოხდება კონსულტაცია, ეს არის იდეალური სცენარი“, – ამბობს შორენა დარჩიაშვილი.
? ბინის გეგმარება თეთრი კვადრატი • White Square
? ბინის გეგმარება თეთრი კვადრატი • White Square
⬜ სახლის აშენების შემდეგ, თუ ბინის შეძენის შემდეგ იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი, მისი დაგეგმარება. კვადრატულობა, ოთახების განაწილება
? როგორი დიზაინი გვინდა?
? რა ძირითად შეცდომებს ვუშვებთ გეგმარებისას?
? რამდენად მნიშვნელოვანია ჭერის სიმაღლე და ფანჯრების რაოდენობა?
დეველოპერული კომპანიის თეთრი კვადრატი გენერალური დირექტორი – შორენა დარჩიაშვილი
გადაცემის წამყვანი – გიორგი კეპულაძე
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Friday, 9 June 2023