LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საით მივყავართ უპასუხისმგებლობას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

17
indiragvarmiani2021

გადაცემის ლაივი LIVE

საით მივყავართ უპასუხისმგებლობას ურთიერთობებში – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ინდირა გვარმიანმა ისაუბრა.

რა არის პასუხისმგებლობა?

პასუხისმგებლობა არის განვითარებული, მოწიფული პიროვნების მახასიათებელი. მისი არსებობა მეტყველებს ადამიანის მაღალ ცნობიერებაზე. პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს, როცა ჩვენ ვაღიარებთ რეალობას, ვაკეთებთ არჩევანს, ვმართავთ ჩვენს ქცევას და იმ შედეგს, რაც ამ ქცევას მოჰყვება, ანუ ვაკონტროლებთ პროცესს. ამას ჩვენ ვეჩვევით და ვსწავლობთ ბავშვობიდან ნაბიჯ-ნაბიჯ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა პირდაპირ ბმაშია პიროვნულ განვითარებასთან, მაშინ სამწუხაროდ, რეალობა გვაქვს ისეთი, რომ ყველა ადამიანში არ არის განვითარებული პიროვნება, ანუ ყველა ადამიანი უდაოდ ადამიანია, მაგრამ ყველაში არაა პიროვნული განვითარება (მაგალითად, მასა, მასის წარმომადგენელი).  სადაც პიროვნული  განვითარება არაა, იქ  რა თქმა უნდა პასუხისმგებლობასაც არ უნდა ვეძებდეთ. პიროვნული ჩანასახი ჯერ კიდევ 2-3 წლის ასაკში ჩნდება, როცა ბავშვი პირველად წარმოთქვამს სიტყვა „მე“-ს. ის გამოყოფს გარემოდან თავის თავს და მის ცნობიერებაში იწყებს არსებობას “მე და თქვენ”.  უკვე აქედან დაწყებული მისი პიროვნება ვითარდება და მას ხელი უნდა შეუწყოს აღზრდის პროცესმა, გარემომ რომელშიც ის იზრდება.

რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორულ ურთიერთობებში პასუხისმგებლობა?

რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებში პასუხისმგებლობის აღებას, ეს მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორის მხრიდან. ჯანსაღ  ურთიერთობაში ორივე პარტნიორს თანაბრად შეაქვს თავისი წვლილი. თუმცა ხშირად ეს ბალანსი დარღვეულია. რადგან უფრო მეტ პასუხისმგებლობებს, ფუნქცია მოვალეობებს ჩვენს რეალობაში რატომღაც ქალები იღებენ საკუთარ თავზე. ჰარმონიული და ჯანსაღია ურთიერთობა, როცა ორივე პარტნიორი თანაბრად დებს გრძნობებს, ენერგიას, მონდომებას, თანაბრად ინაწილებს პასუხსმგებლობას ურთიერთობაში.

როგორც უკვე ავღნიშნე, პარტნიორული ჯანსაღი ურთიერთობები თავის თავში მოიაზრებს მოწიფულ, თანასწორ ადამიანურ ურთიერთობას. თუმცა ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი გვაქვს. მაგალითად რატომღაც მიიჩნევა, რომ ქალი უნდა იყოს წამყვანი თუნდაც  შვილის აღზრდის საკითხში, მამაკაცები არ იღებენ ამაში მონაწილეობას და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც  არ იღებენ საკუთარ თავზე.

ასევე ურთიერთობებში ხშირად ჩვენ ვაწყდებით დამახინჯებულ ფორმას მაგ: :“დედა-შვილურ“ ფორმას, როცა პარტნიორულ ურთიერთობაში ქალი ემოციურად „დედის“ როლშია, ხოლო კაცი „შვილის“. ამ დროს ურთიერთობა ასე გამოიყურება, ქალს აღებული აქვს თავის თავზე ყველა პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ის ხდება ყველა პრობლემის „მომგვარებელი“, ყველა „ტვირთს“ საკუთარ თავზე იღებს, ხოლო კაცი არის პასიურ მდგომარეობაში, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს და მხოლოდ ზრუნვის ობიექტია, თუმცა ამავდროულად ეს კაცი შეიძლება იყოს ორი შვილის მამა. მამკაცისთვის ერთის მხრივ იქმნება კომფორტის ზონა. მეორე მხრივ ნაჩვევია საკუთარი დედისგან ასეთ დამოკიდებულებას, შესაბამისად კარგად ერგება ამ როლს, მას არანაირი მოტივაცია არ უჩნდება რამე შეცვალოს. ასეთი ტიპის ურთიერთობა განწირულია, რადგან რაღაც დროის შემდეგ დამღლელია ქალითვის. იწყება კონფლიქტები, საბოლოოდ  გაუცხოვებით მთავრდება.

როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როცა მეწყვილესთან დისკომფორტი აქვს?

პასიური მოთმენა არაა გამოსავალი, რადგან ასეთ შემთხვევაში ხშირად დაავადებებში მიდიან ქალები. როგორიცაა: ნევროზი, დეპრესია, იწყებენ გაუცნობიერებლად საკვების ჭარბ მიღებას, რასაც ბუნებრივია მოყვება ჭარბწონიანობა, რაც დამატებით უფრო ამძიმებს მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას ან იწყება დაუსრულებელი კონფლიქტი პარტნიორთან. ეს მათი მხრიდან გაუცნობიერებელი რეაქციაა არასასურველ სიტუაციაზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან. პიროვნული განვითარება,  სქესის მიხედვით არ ნაწილდება, ეს ის საკითხია, რომელიც თვითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. თუმცა ხელისშემშლელია “მსხვერპლის მენტალობა”, ის რომ ჩვენ უნდა მოვითმინოთ, ჩვენ თითქოს არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ ვერ შევცვლით ვერაფერს. სინამდვილეში ეს ასე არაა, მოთმენა საჭირო არაა. მოთმინება უნდა შევცვალოთ დალაპარაკებით. დაველაპარაკოთ და პარტნიორს რა არ მოგვწონს, რა არის  შესაცვლელი, იმისთვის რომ ურთიერთობა უფრო გაჯანსაღდეს, გავაგებინოთ რას ვითხოვთ მისგან. კომუნიკაცია ამ საკითხზე არ უნდა მოხდეს უშუალოდ კონფლიქტის დროს, როცა გაბრაზებულები ვართ, არამედ მაშინ, როცა ვართ მშვიდად. ადამიანური ურთიერთობები არის ის საკითხი, რომელიც ნამდვილად ჩვენს ხელშია და ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობაზე გავლენა მოვახდინოთ.

პასუხისმგებლობის აღება გაცნობიერებული პროცესია, თავის თავში ის  მოიცავს რეალობის აღიარებს და მასზე რეაგირების ფორმების არჩევანის საშუალებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები