ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 8 და 9 ივლისს რიგით მეხუთე, საიუბილეო Tbilisi Summer Set გაიმართება.
წელს SET FEST 5 წლის ხდება, რაც აისახება კიდეც მონაწილე არტისტების სიაზე: მსმენელის მოთხოვნით ჩამოვლენ 2015 წლის ზამთრის ღონისძიების ჰედლაინერი ISHOME, ასევე შარშანდელი Summer Set-ის ჰედლაინერი KIASMOS. ასევე უზომოდ პოპულარული KOLLEKTIV TURMSTRASSE, ძალიან მელანქოლიური EDUARDO DE LA CALLE, ნოვატორი YokoO,- ჯამში ორდღიანი ფესტივალი 30-მდე მუსიკოსს უმასპინძლებს.
ფესტივალს ორი, პარალელურ რეჟიმში მომუშავე სცენა ექნება: შენობაში მდებარე სცენა ტექნო მუსიკას დაეთმობა, რომლის სახელია #onlylove ხოლო ღია ცის ქვეშ დადგმული სცენა #musicunites, უფრო მეტად საცეკვაო და ექსპერიმენტულ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული.
ტრადიციულად, ფესტივალი წელსაც შემოიკრებს სხვადასხვა მიმართულების ხელოვანებს, დააფინანსებს მათ ნაწილს და საშუალებას მისცემს შექმნან ახალი თუ გამოიტანონ ძველი ნამუშევრები.
“2012 წელს ჩამოყალიბებული Summer Set საქართველოს ბაზარზე ბიძგი იყო, რომ კლუბური და საფესტივალო კულტურა განვითარებულიყო. იმ პერიოდში მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ჩატარება წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა. უკვე დღეს ამ სფეროში უამრავი კონკურენტია, მათ შორის სახელმწიფოც. გვიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ კულტურის განვითარებაში”, – ამბობს ფესტივალის პიარ მენეჯერი ნიკა დვალიძე.