LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: 2021-ში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ზოგიერთი კუთხით მნიშვნელოვნად გაუარესდა

91
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და რიგი მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ომბუდსმენმა დღეს, 4 აპრილს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე 2021 წლის ანგარიში წარმოადგინა.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, 2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას – გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

ომბუდსმენის შეფასებით ამის მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა იყო.

„ასევე, მიიღეს სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას. ადგილი ჰქონდა ომბუდსმენის საქმიანობაში ხელშეშლას და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერ თავდასხმებსა თუ მუქარის ფაქტებს.

2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას, გასულ წელს ხელისუფლებას უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურ ცვლილებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც ბოლომდე წარმართა, სახალხო დამცველის ეუთო/ოდირის და სხვა პარტნიორების მოწოდების მიუხედავად. პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის ჩამოყალიბება, კვლავაც გამოწვევაა ქვეყანაში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოებულ არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს. მისივე თქმით, ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს.

„ბოლო წლებში გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება. შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, უფლებადამცველებს უწევთ საქმიანობა.“– განაცხადა ომბუდსმენმა.

mazda magti 5g