LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი არა მხოლოდ ჩანაწერებთან დაკავშირებით, არამედ სხვა საკითხებშიც არ არის ობიექტური: მიხეილ ყაველაშვილი

91
unnamed (2)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, “ტვ პირველის” მიერ, დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია.

ყაველაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი არა მხოლოდ ჩანაწერებთან დაკავშირებით, არამედ სხვა საკითხებშიც არ არის ობიექტური.

„ჩემდა სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიცია არა მხოლოდ ამ საკითხში, კიდევ სხვა საკითხებშიც არ არის ობიექტური. ჩვენ გვექნება საშუალება, როცა ის მიბრძანდება საკანონმდებლო ორგანოში, დავუსვათ შესაბამისი კითხვები. რიგ შემთხვევებში მგონია, რომ არ არის ობიექტური,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებს, რას წარმოადგენდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ​. მისი თქმით, “რომ მიეშვათ, ყველა მოქალაქეზე ექნებოდათ ასეთი ჩანაწერი”.

“ამ ფაბრიკაციებით ისინი ახსენებენ საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენენ და რას წარმოადგენდნენ, ხელისუფლებაში როცა იყვნენ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნაკლებად მიმართონ ასეთ ფაბრიკაციებს, რადგან რაღაცნაირად ჩვენი საზოგადოების ნაწილს დავიწყებული აქვს მათი ქმედებები და არ მიუბრუნდებათ კარგად. მე, მაგალითად, ძალიან ბევრი რამე მახსენდება, როცა ფაბრიკაციას ვუყურებ, როგორ ჰქონდათ კასრების თემა. რომ მიეშვათ, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ექნებოდათ ასეთი ფაბრიკაცია ჩაწერილი და როცა უნდოდათ, მაშინ გამოამჟღავნებდნენ და ასე მიმართავდნენ. მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილის თემა ასეთი ფაბრიკაციის შედეგი იყო, ეს ადამიანი პასუხისგებაში მისცეს და მსჯავრდებული იყო. როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი სამართლიანობაზე,” – განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “პირველის”ეთერში გადაცემის ანონსი გავიდა, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავდნენ.

magti 5g