სახალხო დამცველი “ბირჟა მაფიას” რეპერების დაკავებას ეხმაურება. 9 ივნისს, პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ რეპერები. შსს-ს ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).“ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე იგივე აღნიშნა ორივე ბრალდებულმა.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.“ სახალხო დამცველი მიიჩევს, რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.